ისმინეთ ქება ვენახის, ველებო ვენახოვანო, რაფიელ, ტკბილო მგოსანო, ვაზის მიჯნურო მხცოვანო, ულვაშაშლილო ჭაბუკო, გოგონავ გასათხოვარო, პოეტის გული იძახის, ვაზის საქებრად მოვალო, პოეტის გული ფართქალებს, მიჯნური სილამაზისა, პოეტის გული იძახის: „ვაზის ჭირიმე, ვაზისა”. ბრწყინავს ცხოვრება ახალი, დაინგრა ბუდე შურისა, ვაზებო, თავი დახარეთ, მგოსანი თქვენზე მღერისა, კაცის გუნებას ახარებთ, მტევნებო რქაწითელისა. ჯიხვის ყანწები დასცალეთ, მწვადი მიირთვით შველისა, ფოთლებში ამღერებული ცელქი ნიავი ველისა, დგას სურნელება ღვინისა, სიმინდისა და რთველისა ლოყებწითელი ატმები - ღაწვები ქალწულ ქალისა - არის ფერების თამაში… ლალ-ფირუზ-მინანქარისა, იღიმებიან მტევნები გიშრის, ბადახშის, ქარვისა, მათი მზერა და ტრფიალი არ მოსწყინდება არვისა. ვენახში დადის ბახუსი, დააქვს მტევნები ვაზისა, სამოსად მოუხვევია ფოთლები უსურვაზისა… ანაზდად ისმის სიმღერა მაყრული - კრიმანჭულისა, და ხმანარნარი გალობა ქალწული მეჩონგურისა: იზარდე, ქართლის ვენახო - გამხარებელო გულისა, ღვინოვ, შენა ხარ წამალი ტრფიალით დადაგულისა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |