ხშირად მგონია, რომ მე მასთან შეხვედრას ველი, რადგან არ სჯერა გულს, რომ იგი ბნელს მიეფარა. ვინც ისე ნათლად დაგვანახა ქვეყანა ძველი, თითქო წარსულის გასაღები იმას ებარა.
მხოლოდ დროებით უცნაურად გაუჩინარდა. ასე მგონია, რომ თვალს მოვკრავ მის მდუმარ სახეს სადმე თეატრთან და ან ბაღში ნაცნობ ჩინართან.
ნელი ნაბიჯით ამოჰყვება რუსთველის ქუჩას, თითქოს უხილავ ჩვენებათა ახლავს კრებული, ვერავის ამჩნევს და თვალებში ნაღველი უჩანს.
იქნებ ფიქრები აღუშფოთეს სამშობლოს მტრებმა?.. ოპერის ბაღთან, აკაკის ძეგლს რომ დაინახავს, შეაღებს ჩუმად წარსულის კარს და უცბად ჰქრება…
სადაც მძვინვარებს გარდასული ძველი თაობა, მის წინ იშლება ბნელ ვნებათა მკაცრი თარეში, ჟამთა სიავის შემზარავი სანახაობა…
კოშკზე ნაბადში გახვეული კანკალებს ქალი. ისმის ჩოჩქოლი და არჩილის ცხენის ჭიხვინი, იულონს გულში მძულვარების ეგზნება ალი.
სისხლის ნაკადად გადმოღვრილი გულის ვარამი. დედასთან შვილის სასიკვდილო შეკამათება და აივნის ქვეშ საფლავივით ღია წკვარამი.
თვალებდათხრილი იულონის მწარე მუდარა. გაუტანლობა, შური, მტრობა, ტანჯვა ულევი… ჟამთა სიავეს სისხლის გარდა არა უნდა-რა.
ბნელში გაზრდილი ორი კურო გამოჰყავთ გარეთ, პირუტყვთა ზურგზე გაკრულია ქალი და ვაჟი, ქალს თითქოს სძინავს, ვაჟი იკვნეტს მშრალ ტუჩებს მწარედ.
მორბის მეორე, სინათლისგან თვალდანაფეთი. უცებ იელვებს ხანჯალივით მოქნეულ რქაზე გაფატრულ ქალის სისხლიანი მკერდის ნაფლეთი.
ხარზე გაკრული ვაჟის ოხვრა, წყევა-მუდარა. გაუტანლობა, შური, მტრობა, სისხლის ნაკადი, მრისხანე ბატონს სისხლის გარდა არა უნდა-რა…
ნელი ნაბიჯით კვლავ გადასჭრის რუსთველის ქუჩას. თითქოს უხილავ ჩვენებათა ახლავს კრებული, ვერავის ამჩნევს და თვალებში ნაღველი უჩანს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |