ჰიპერტონია კაცობრიობას ამაქსიმუმებს-ამინიმუმებს, დამალობანას ეთამაშება: აპინგვინებს და ამაიმუნებს. სახელოვანებს, სახელიანებს, უსახელოებს, ანონიმურებს - აბარბაცებს და აქანავებს და ანანავებს და ანანინავებს. რაინდებსა და სავსე დარბაზებს, ლამაზმანებს და ლამაზ კარავებს - აპამპულებს და აპამპულავებს, ამასხარებს და ამასხარავებს. არწევს და არწევს: ერთი ბალი და ორი ბალი და სამი ბალი და ამეტებინებს თავისიანებს მეხსიერების კიდობანიდან. მოძღვრავს: ლუკა და მათე მათია, აშამათებს და მათი მატია: არითმიული არითმეტიკა და უმდაბლესი მათემატიკა. და, თუმცა კარგად მოეხსენება, ბუდა-ალახი-ქრისტე მათია, დაუყადაღა სამოციქულო კარაბადინის ქრესტომათია. დაიკიდა და აარარავებს და უბათილებს საგარანტიოს - კარდიოლოგებს, კარდიოგრამებს, კარდიოგრაფს და ყველა კარდიოს. და, თუმცა ისევ აფორიაქებს და მოციმციმე არითმიებით ატორტმანებს და აცახცახებს და არეტიანებს ამ რითმებივით, - მაინც ბებერი ჰიპერტონიკი ხანდახან ისე გადიკისკისებს, - გამოძვრება და ამ რითმებივით გადაურჩება კრიზის კრიზისებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |