კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 14:27

 

მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი

 

ყველაზე ტურფა ანგელოზო, ყველაზე ბრძენო,

ღვთაებრივ ხოტბაწართმეულო, ბედით ნარქენო,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


გაძევებულთა ქვეყნის პრინცო, შენ, გალახულო,

დამარცხდი, მაგრამ კვლავ უფრო მეტ ძალებს ნახულობ,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


მიწისქვეშეთის ყოვლისშემძლე დიდო უფალო,

ადამიანურ შიშ-ნაღველის გამრჯე მკურნალო,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


თავად კეთროვანთ და პარიებს, კრულ-შენაჩვენებს,

ვინაც აგემებ სიყვარულით სამოთხის წვენებს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


შენ, ვინც სიკვდილი, სატრფო შენი, მძლე და ბებერი,

აქცია წყაროდ სასოების - მხიბლავ ბენტერის,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


შენ, ვინც მსჯავრდებულს უხდი წყნარ და მედიდურ მზერას,

რითაც ის წყევლის ეშაფოტის ყველა მაცქერალს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


შენ, ვინაც უწყი, ხარბი მიწის რომელ კუთხეში

გადაუნახავს ეჭვიან ღმერთს ძვირ ქვათა ხრეში,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


ვისი გამჭოლი თვალიც ხედავს ღრმა რეგიონებს,

რომლებშიც სძინავთ უხვად ჩაფლულ რკინა-ლითონებს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


შენ, ჩავარდნისგან ვისი გრძელი მარჯვენაც იცავს

მძინარ მთვარეულს, შენობების კიდეზე მცოცავს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


შენ, ვინც გრძნეულად დაარბილებ ფლოქვებით ნასრეს

ნაგვიანევი ლოთის ბებერ ძვლებსა და სახსრებს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


გაქნილო თანამონაწილევ, ვინც ბეჭედს თავისს

ასვამ ულმობელ შუბლს კრეზუსის, ბილწის და ავის,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


ვინც ბადებ გულში და თვალებში ქალიშვილების,

ნაჭრილობევთა თაყვანსა და სიყვარულს ჩვრების,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


სანათო გამომგონებელთა, ლტოლვილთა ჯოხო,

ჩამოსახრჩობთა და შეთქმულთა სულის მეოხო,

ოი, სატანავ შემიბრალე მე უბედური!


შენ, მამობილო მათო, ვისაც შავბნელი წყევლით

ღმერთი განდევნა მიწიერი ამ სასუფევლით,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ