თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს, გამიადვილდა უეცრად შრომა. და როგორც შუქზე მოფრენა მწერის, სიტყვას ცვლის სიტყვა, და ზომას - ზომა.
აავსებს წერილს წუხანდელ ცის დარდი და მღერის, მღერის კალამის წვერი კალამის წვერი - ბულბულის ნისკარტი.
მზის ოქროს წვერი ხვრელიდან ესობა, და პოეტს ზარმაცს - წასვლია ფერი ოქროს მტვერი რომ გაუჩნდა მეზობლად.
დაეცა მართლა ყვითელი მზის ვარდი, და ელის კარნახს კალამის წვერი; კალამის წვერი - ბულბულის ნისკარტი.
ხეები ბევრი, სერი და ამინდი; მძიმე გაფრენა შვადღეზე ძერის ნაჭედი მთები მოოქრულ კრამიტით.
მეძახის, მივალ, მივრბივარ, ვისწრაფი და აღარ მღერის კალამის წვერი კალამის წვერი - ბულბულის ნისკარტი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |