კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:36

 

 

 

"...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს",

ვჭვრეტ წითელ ვაშლით

მშვენიერ ევას.

გავუწვდი ხელს და

მივწვდები ნაყოფს -

და მიწა იმ წამს დაიწყებს რწევას.

"...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს",

თავგაჩეხილი

კვლავ გზისპირ ვწევარ

- ეს თქვენ ხარ ისევ?!

კითხულობს ვიღაც

და მე ვპასუხობ:

დიახ, ეს მე ვარ!

"...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს",

მოწურავს ბედი

შხამიან მტევანს.

ჩასაფრებული მოზიდავს ისარს

და დამადევნებს

სისინით მდევარს!

მესმის ჩურჩული

და ჩხრეკა რამლის,

გავყურებ მთვარეს

ბეთანზე მთევარს...

და შემამცივნებს ყივილი მამლის

"...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს"...

ვინ,

უცოდველი,

ქვას ვინ დასწვდება,

ვინ,

ვინ დამიწყებს ტალახში თრევას?!

რა დასავლეთით სხივი დაწდება,

"...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს"...

მოყვასი მახეს

დაგიგებს ოდეს,

არ ღირს საწუთრო

გუნდრუკის კმევად!

ჩავიკრავ მკერდში ეკლიან ტოტებს,

"...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს"...

"...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს",

ჩემს მარტოობას, 

ჩემს მორჩილ მხევალს,

ავიყვან ზადენს, 

ავანთებ სანთელს,

დავდგები ლოცვად და ცრემლთა თხევად!

"...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს"...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ