კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:03

 

 

 

სხვა პლანეტიდან ჩამომსვეს თითქოს,

უცხოა, ვისაც ვხვდები და ვამჩნევ,

ზეციდან თითქოს მოვყევი დიდ თოვლს

და ახლა ფეხებს სიარულს ვაჩვევ.

როდის ავფრინდი, აღარც კი მახსოვს,

რისთვის დავბრუნდი, ვერც იმას ვხვდები,

ან დაბრუნება რარიგად ფასობს,

როცა ღრუბლებში დავტოვე ფრთები.

სიკვდილის შემდეგ, სიკვდილზე ადრე

მე ამ მიწაზე ვცხოვრობდი ფიქრით,

გაუცხოება ვცადე და ვკადრე

თავს, ეარსება მიწიერს იქით.

ვიხეტიალე, ვარსკვლავებს ვთვლიდი,

ამობრწყინება ვნახე ოქროთა,

ყველგან მდიდარი ვიყავი იმით,

თან მიწიერი სევდა რომ მქონდა.

და ვურიგებდი პლანეტებს სევდას,

უდარდელობას სევდას ვაჩვევდი

და უცებ სევდამ იწვიმა ცრემლად,

ცრემლად, ადრე რომ სხვებს ვერ ვამჩნევდი.

ეამათ, თითქოს ცრემლს რომ ატანდნენ

გულის ხვაშიადს, დროს არ ფლანგავდნენ,

ეამათ, ცოცხალს გრძნობდნენ მკვდარშიაც,

მარტო სიცილში დროს არ კარგავდნენ.

მოსწყინდათ ერთ დღეს გამოგონილი

სევდა, რომელიც ბეწვზე ეკიდა,

მოსწყინდათ ჩემი მიწიერება

და ყველა ერთად გადამეკიდა.

გამომაძევეს, აითვალწუნეს

ფიქრი მიწიერ კაცის, მოსულის,

მოურიდებლად გამილაწუნეს,

ზურგი მაქციეს კეთილმოსურნეს.

ნეტარებით და ნატვრით ვარ მთვრალი,

რაკი დავბრუნდი, ავყვირდი იმ წამს,

ნუ გაგეცქევათ ზეცისკენ თვალი,

ნუ შეელევით მშობლიურ მიწას.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ