I
ცრემლთა მდინარე, სისხლმჩინარე, მიპყრობს ხედვასა: ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიგალმან, ჩემსა ბედასა უსწორა კილო. დრო მზის ფერები, ბნელ მთენები, სად დაედასა, ედემად ზრდილო! ნუთუმცა გველმან, ენით მკვლელმან, გმირსა ქედასა დაგდვა საცილო?! ვამე, თუ ხმითა შენცა მითა შეგრთო სევდასა, სცნა საწადილო!
II
ვარ ვაით მგონე, შენაღონე, მომხსენი ახის, აჰა, მანდა ვით! ტანპილო ზრდილო, მე უძილო ხსოვნა მაქვს სახის, ყაჰრამან დავით! მე სოფლის მდურვის, შენგან ურვის, ხმა მესმა ზახის არა მანდა ვით. ამინთვნა გული, ხმელნარგული, შენს გულთა მნახის შესახედავით. დამკრიბნა ზარნი საკუთარნი სიცოცხლე ჭმახის, გნატრი, სიკვდილო!
III
დას-დასად ყვარვა, სოფლის ფარვა და ეტლი ტკბილი ვინა მიგპარნა? სწორ ვლა მთენათა ნაზენათა, შენთვის ბედქმნილი სად გარდედარნა? ეს ვითა ვითნო? ჰე, ციითნო, რად გრულავსთ ძილი, რამან დაგფარნა? სიტყვითი ლომი, უქმად მდგომი, ვერ მზის შეყრილი ვინ შეაზარნა? ლესული ხრმალი, სისხლდამშრალი, ქარქაშს ძევს ყრილი, ვაჲ, უადგილო!
IV
მზის დროშის ტოლნო, სოფლის მსტროლნო, მოაკრბით გარედ, მოიჯარენით! თანზრდილნო გმირნო, ჩვენებრ მტირნო, ვლეთ ლომის არედ, ვკადროთ ბარ ენით: ომის და ლხინის, გულმოდგინის, დღე გვიხსენ მწარედ, რამც ვიხარენით! თუ არ შენითა მოთმენითა გვყოფ სულის ჩარედ - მტრით ვიზარენით! თავდაყრით, ქენვით, სულთა ტკენვით წარვალთ სამარედ, ხელდაკრებილო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბესარიონ გაბაშვილის პოეზია |