„მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე“ [მარკ. 14,30];
გაჭრიალდა მძიმე კარი გალავნის, ის, რაც მოხდა, ჯერ ბუნდოვნად გახსოვს. დახრილ თვალებს არ უსწორებ არავის, ფრთხილად ჯდები ცეცხლის შორიახლოს. ჩუმად ზვერავ მღვდელმთავართა ეზოს. ალბათ, მალე მოძღვარს გამოიყვანენ, ნახვა მისი იქნებ კიდევ შეძლო. ცეცხლს უშვერენ ტანს ნახევრად შიშველს. - შენ იესოს მოწაფე ხარ, არ ვცდები! - ამბობს ქალი და თითს შენკენ იშვერს. შიში ბზარავს შენს უმწეო ხავილს (სადღაც ბნელში უკვე ყივის მამალი, ეს პირველი ყივილია მამლის...) ძლივს გადიხარ შიდა ეზოს გარეთ. იცდი, ერთი უმძიმესი საათი და ხელს ვიღაც უცებ მკლავზე გავლებს. ხროვასავით გარს გეხვევა ხალხი, - მე შენ გიცნობ! - ჩაგსისინებს ცივი ხმა, - თავად ვნახე, შენ იესოს ახლდი! მშიერ მზერით დაგიჭამეს სახე. გაჰყვირიან... - კილო გალილევური შენს სიცრუეს ხომ ისედაც ამხელს. ახლა შენს ხმას მხოლოდ შიში ახშობს, - ჩემი სახე, ალბათ, სხვაში გეშლებათ, მე იესოს არც კი ვიცნობ, ხალხო! უკვე ღმერთი უარყავი ორგზის და გულ-ღვიძლში გიტრიალებს შანთებად შიშის სამთითს შავი ანგელოზი. ხელს გკრავენ და ენარცხები მიწას. კვლავ გაჰყვირი, - არ ვარ მისი მოწაფე, მას საერთოდ არც კი ვიცნობ, ვფიცავ!.. ებრძვის სული აუტანელ ტკივილს... სადღაც ბნელში შეყუჟული მამალი ფრთებს ისწორებს და მეორედ ყივის. მოჰყავთ ხელ-ფეხდაჯაჭვული ქრისტე და მოძღვარი, დაღლილი და ნაცემი, უცებ შედგა და თვალებში გიცქერს. ჯერ არაფერს შეუშლიხარ ასე, გიცქერს უფლის დიდი, ლურჯი თვალები, სევდითა და მწუხარებით სავსე. იწყებს სული ცოცხალ გვამში როკვას... შენ უფალი უკვე სამჯერ უარყავ, გული შენი უკვე სამჯერ მოკვდა. გოლგოთის გზა გაიაზროს კაცმა, სადაც ჯვარიც უფლის ასატანია, რომ იმ ჯვარზე მერე თავად აცვან. კაცის ცოდვებს დაეღვაროს სისხლად, რომ შემუსროს ბჭენი ჯოჯოხეთისა და განიხვნას კარნი სამოთხისა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |