ეს საუკუნე ფოლადის მკერდით და მოელვარე რკინის თვალებით, - ამბოხებათა ცეცხლის ტალკვესი, მოფრინავს ჩვენსკენ წითელი რაშით რომ ძველ ქვეყანას აუგოს წესი. ზანზარებს მიწა, ირყევა ზეცა და ეკარგებათ ძველ ღმერთებს ფასი, დღემდე ჩვენს გულში რომ ედგათ ტახტი, - და იწერება ახალი მრწამსი. დაუნდობელი და საშინელი ურთერთს მუსრავენ ადამის ძენი, და სისხლის სუნით გაჟღენთილია ჰაერი, მიწა - სამყარო ჩვენი. და მის წინაშე კაცის გონება, ვით საფლავის წინ, თრთის და კანკალებს, ეჭვთა ბრჭყალებში გამომწყვდეული, თითქო წააწყდა შავბნელ ნაპრალებს. ისმის გრიალი მძვინვარ ტალღათა და ბრძანებს: „თქვენ, ჰე! ვისაც გშურთ შველა, ჩქარის ნაბიჯით იარეთ წინ-წინ: წინ სინათლეა, „უკან კი ბნელა!“ არა გვაქვს კარგად გამორკვეული, მაგრამ დარჩენაც არ შეიძლება: ასე გვიბრძანა მეფე ცხოვრებამ და მისი სიტყვა ვით შეიცვლება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვარლამ რუხაძის პოეზია |