ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა... იუნონავ, შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა. დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი, და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.
მე მომწყურდა ახალი წლის შენთან ერთად მიგებება, ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე ,და ავანთე ჩემი ბინა, და მომწყინდა მარტოობა, და უშენოდ მომეწყინა.
სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი, ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს, და ვეძებდი განახლებას, და ვეძებდი აღდგომის კვალს.
ცის ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი, შენ არ სჩანდი... დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი, და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.
ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს... დიდი ხნიდან ბედს მივენდე და იმისი მსხვერპლი ვხდები, და მომწყურდა ყველაფერი და ყველაფერს ვურიგდები.
ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე. სახსნელი გზა კი არსად სჩანს, და ამაოდ ველი მშველელს... და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |