...მაგრამ ამ კაჭაჭგადავლილი მინდვრების მეტი, აღარაფერი აღარ დამხვდა... გაქრა ქვეყანა, კეთილი, ზრდილი, გულუხვი და გულადი ხალხით დასახლებული... გალავნებით შემოზღუდული, ციხე-კოშკებით მოფენილი, მოყვრის იმედად და მტრების რისხვად... კი ბატონო, რა არ მომხდარა! სოფელიც ბევრი წაუღია ზვავსა და მეწყერს, ქალაქიც ბევრი დაუმარხავს ვულკანის ლავას, ქვეყანაც ბევრი აღუგვია ჟამთასვლის ბორბალს, მაგრამ მე მაინც ვერ ვიჯერებ, რომ საქართველოც აღარ არსებობს... მათი ხვედრი გაიზიარა... გაქარწყლდა ყველა ვარაუდი, გაცვდა კალამი, დაშრა მელნის ზღვა, ყველა ვადა ამოიწურა და შეიძლება ვერასოდეს მივაგნო მართლა, რისი მიგნებაც ასე მსურდა, ასე მეწადა... მაგრამ ჯერ ფარ-ხმალს მაინც არ ვყრი... არც დავყრი ალბათ, რადგან ასევე შეიძლება, შინ დაბრუნებულს, თავის ადგილზე აღარ დამხვდეს, არათუ რომი, არამედ... არა! თქმაც კი მიჭირს... სჯობს საგიჟეთში ისევ გიჟების მონარჩენი კატლეტი ვჭამო და გავაგრძელო დაკარგულის ძებნა ჯიუტად... საგნის დაკარგვა როდი ნიშნავს საგნის გაქრობას! სამარადისოდ და უკვალოდ ის ქრება მხოლოდ, რის დაკარგვასაც ვეგუებით... მაგრამ თუ ვიგრძნობთ, რომ ჩვენს სიცოცხლეს უიმისოდ აზრი არა აქვს, ისიც ბრუნდება, უფრო სწორად, კვლავ იბადება, და, ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა, ან რძიდან ყველი, პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |