კეთილშობილო ქუჩის ხეებო, მე თქვენ ყველგან, ყველგან მიყვარხართ, სადაც გინდათ იდგეთ თბილისში, რუსთაველზეც, ვაჟაზეც და ბარათაშვილზეც, რადგან თქვენ იმ მანძილზე ხართ ყველგან ერთურთს დაცილებულნი, რომ მიაცილოთ სახლამდე მთვრალი.
მის დაღლილ სხეულს, გულში იხუტებთ, ხაოიან ენითა ლოკავთ და რუდუნებით თქვენსავ მოძმეს გადააბარებთ. და ასე... ვიდრე მთვრალი იგი თავის სახლის ზარს არ დარეკავს.
დაე ნურასდროს შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ წინაპრები თქვენი უღრან ტყეში ცხოვრობდნენ; ჩემი ძველებიც კოცონს ესხდნენ შემორკალულნი, მე კი თქვენთან ვარ, იმავ მტვრისთვის თავმიშვერილი, ვხარობ, ვზეიმობ, აი ახლაც, აი ამ წუთშიც თასი მიჭირავს გადავსილი და რაკი ვიცი, რაკი გული მიგრძნობს ტიალი, რომ სადაც არის, მასპინძელი გარეთ დამითხოვს, დამათმობინებს თავის თბილ სახლს და... ქუჩაში... ამ თებერვალში . . . გამომისტუმრებს ცბიერი და ცრუმეცნიერი, -
თქვენ სადღეგრძელოს ვსვამ ხმაურით, ქუჩის ხეებო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |