1
აკოპალიპსის თეთრი იმედი. გზა შორეული ქიმერია, ქალდეა, ჟღალი კავკასი, საქართველოს ბედს მხოლოდ ცხენით თუ დაეწევი, მორბიხართ თეთრი-მარტო იმედი ცხენი ანგელოსით. გზას შორეულს, რა გადაიარა?.. ერს ამორჩეულს ჩამორჩებოდი, რომ ცხენით არა... ჩვენ პოეტებიც თუ ვართ დღემდე, შენი პოეტებიც თუ ვართ დღემდე, შენი ამარა.
2
რა გაიარდა ამ ჭაობებს?.. ორპირში ყანჩაც ეფლობოდა. სდგას მარტო ეკლესია თეთრი გიორგის. და მამის გულზე აბჯენია მაგარი მუხლი გაფრენილ ცხენის. ყოველი ღამე მატირებდა ქალდეას ზეცა. ჭაობის სვეტად დადგებოდა მალარია. მე სამუდამოდ გავაღმერთე ერთი არია, დაიმახსოვრებს ამ სიმღერას ჩემი სამშობლო. მე აქ ვიხილე პირვლად ყრმამ ყრმა უკვდავი, აპოკალიპსის თეთრი იმედი, ცხენი ანგელოსით... მეწამული ზღვა, მთვრალი ხომალდები. სიდონის მატროსები, ზღვა ქარავნების, ქალდეას ოქრო, ოქროს ვერძი. მაკოდენელი, ოლოფერნი, სარდანაპალი. მაჰმადის ხმალი, ჯალალ-ედინ, საჭურისა და დამპალი აღამაჰმად-ხან. დაშლილი ველი საქართველოს აზიის სარკე, ყვითელი ურდო ვიწრო თვალებით. ჰარამხანებში თესლის სუნი და გამწევი გრძელი ორგია. ცეცხლის გრიგალში იკარგება ეს მოგონება - ყრმა უკვდავი, ცხენი ანგელოსითა.
3
მე ნაბოლარა დიდ პოეტების, თავდაჭერილ მეფეების, სააკაძის გამტყდარ ხმლის, რომელმაც იცის ყველა სტატისტიკა, გარდა ქართველ გმირების. ძუძუები მარწუხებში, წიწამური და კრწანისი. მეტეხი მედიდური, ტაიგა, ციმბირი, რევოლუცია და დაცემა. პოეზია მორიელის, მალდორორი, ლაფორგის ჭლექი, კარამაზოვის სისხლი და სიფილისი დეზისენტის. უნაზესი ქალები ივერიის- თამარ, რუსუდან, ყველა ნინაში, ერთი ნინა, მადონნა;მერი. მელიტა, მარტა. ევა ულეღვოდ და ჰეტერების სავსე ქალდეა. ყველანი წავლენ, დარჩება მხოლოდ აპოკალიპსის თეთრი იმედი, ყრმა უკვდავი, ცხენი ანგელოსით.
4
გადმოფრენილი ჰოლანდიელი, თუჯის მხედარი, ხინა პეტერბურგის. შაბიამანში გატყდება ცხენი და როგორც რუმბი, გასივდება თუჯის მხედარი. ახალ ევგენის წინ გაიგდებს ცხენი ანგელოსით. შორი გზა არ ღლის, ვეშაპი ვერ მოჰკლავს, დევნი უფრთხიან. თეთრი ტრედები თეთრ ღრუბლებში, თეთრი გიორგი, ცხენი ანგელოსით, ესხატალოგია. - ჩემს გზას შორეულს, პოეტს ჩამორჩენილს საქართველოს ტრიალს სარკეში გზა დამებნდა: გრძელი ულვაშებით ქონდრის კაცები სიონში მღერიან „არშინ მალალან“. - აქ რომ სტიროდა ამირანი, ვინ გააპარა? - აქ რომ სტიროდა რუსთაველი, ვინ გააპარა? - აქ რომ იბრძოდა სააკაძე, ვინ დააკავა? სწორი ხერხემალი - დროშის ტარი ქიმერიელთა. სწორი ხერხემალი - დროშის ტარი თეთრი გიორგის ვინ გადატეხა? ბებერი თესლი - სურნელება ჰერეთის ღვინის, ბებერი თესლი - ჭა უძირო და დაუშრეტი ვინ ამოსწურა? ხრინწიანი ხმით ქამარგახსნილ შარვალს განიერს. სიონში მღერიან „არშილ მალალან“... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |