1
რად გვინდა ვინ ხარ, სიდამ ხარ, ვისი სისხლი, ვისი შვილი? თითონ გიცნობთ, რაც კაცი ხარ, არად უნდა ამას ცილი. წა, უკუდეგ, - აი შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე შენგან ქმნილი! უშენოდ ვერ სძლებს „Листок“-ი ვერც ჯდომას, ვერცა წოლასა; შენთთაგან გაჭრას გიწონებს და ეშმაკებთან სრბოლასა; შენთან არავინ ჰკადრულობს არცა ზავს, არცა ბრძოლასა, - სჯობს უყოლობა კაცისა შენისთანისა ყოლასა.
2
ჩემი აწ ესე ნათქვამი მისი სახე და დარია: ვითომდა იღვწის ჩვენთვისა, ჩვენთვის სდის ცრემლთა ღვარია, ძმობას გვიქადის, ერთობას, ისმის ზათქი და ზარია, მაგრამ რა „დუმას“ შეერთვის, მაშინ ის ჩვენთვის მკვდარია. ბევრს აქეთ-იქით თავს ახლის, ჩლუნგია, არა მჭრელია; რაზომცა ჰნათობს სინათლე, მისთვის ეგრეცა ბნელია. ახლებში თავს სდებს, გვატყუებს, არ ახალია, ძველია, რაც გინდ რომ ქერქი იცვალოს, გველი ეგრევე გველია.
3
კალამი რომ უშოვნია - მით ჰლამობს განვლოს ფონია, მაგრამ უნარი წერისა არცა აქვს, არცა ჰქონია; თავს იქებს, თუმცა მის ქება სხვისგან არ გაგვიგონია; ყვავი რა ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა |