კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:38

 

 

1

 

ულვაშ-სრული, მელოტია,

უთაური თავიანი,

ხელთა მლოკი, ქონდრის კაცი,

დიდგულა და ბოხ-ხმიანი.

თუმცა ტანად პატარაა,

სხვაფრივ კი კარგა დიდია,

ქვეყანა და ქვეყნის თხოვნა

იმას ფეხებზედ ჰკიდია.

 

რევაზ ანდრონიკაშვილი

 

2

 

კოხტაა და ღობემძვრალა,

პატარა და ჩამომხმარი,

ცხვირ-ნისკარტა, ნიკაპ-წვეტი,

უჟამური, განს გამდგრი.

ჭკვით და გულით მოცვეთილა,

ქვეყანაზედ უქმად გდია,

თვით მაღლა ზის, - ქვეყნის საქმე

მასაც ფეხებზედ ჰკიდია.

 

გიორგი მუხრან-ბატონი

 

3

 

ბუღა არის, კისერმოკლე,

პირ-რგვალი და ტანად სრული,

ლაჟღანდარა და მასხარა,

ქვეყნისაგან ლაფდასხმული.

გაქნილობა რომ გაუდის,

ჭკვის ხმა აქვს დავარდნილია,

მაგრამ ჭკვიანი არ არის,

იგი მარტო გაქნილია.

ტაციობით დღეს აღამებს,

გულმურტალი და ფლიდია,

ყველა ლანძღავს, მაგრამ ყველა

იმას ფეხებზედ ჰკიდია.

 

ივანე მუხრან-ბატონი

 

4

 

ცხვირდიდა და თვალდიდრონა,

მსუნაგი და ტრაბახია,

ერთი უშნოდ აწოწვილა,

ერთი რაღაც ახმახია;

სეხნია ჰყავს სახელ-დიდი,

თითონ კი მარტო გრძელია,

ძველის მცოდნეა, მაგრამა

ყბედი და ჭკვაზედ თხელია;

ენაპრტყელია, გულმრუდე,

ადვილად მოსასყიდია,

ამ ყლაპიასაც ქვეყანა,

ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.

 

პლატონ იოსელიანი

 

5

 

თეთრ-წითელი ვაშლსავითა,

ხაშხაშ ლოყა, მსუქანია,

რაც ნახირში გაერია,

არ არის დიდი ხანია;

ქვეშ-ქვეშაა, მელაძუა,

მორიელი, ფრთხილი, წყნარი,

თქვენ იმას კარგად არ იცნობთ,

დიდი კუდიანი არი.

ქალაჩუნა და ლუჩუნა,

ფარისეველი მშვიდია, -

ამ ძრომსაც თავის ქვეყანა,

ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.

 

დიმიტრი ჯორჯაძე

 

6

 

პირტიტველა და ჭროღთვალა,

თავმდაბლად გამომხედია,

არც კარგი, არცა რამ ავი

მის ხელთ არ უმოქმედია.

ყველას უყვარს, ყველა უყვარს,

ყველასთვის მეტად ტკბილია,

ზემოთქმულ ღობემძვრალისა

უკან მიმყოლი ჩრდილია.

მე ვიცი, რომ ქვეყნისადმი

მის გულში ტრფობა დიდია,

მაგრამ საქმით კი ქვეყანა

მასაც ფეხებზედ ჰკიდია.

 

იასე ჭავჭავაძე

 

7

 

ერთი ვინმე შავგვრემანი

სუსტია და პირად ხმელი,

დიდებში ბრძნად ქებულია,

ჭკვამოკლე და ენაგრძელი.

დიდთა ქებით გაბერილა,

ვით ავის სენით ტრიკია,

ახლის აღთქმის კაცი იყო,

ეხლა ქვემძრომი ხვლიკია.

ახლისა და ძველის შუა

ის ჩატეხილი ხიდია,

ამ ტყუილს ბრძენსაც ქვეყანა,

ძმანო, ფეხებზედ ჰკიდია.

 

ბესარიონ ღოღობერიძე

 

8

 

მოხუცია იგი ჯმუხი,

პირად ბადრი, ტანდაბალი,

საქმით წმინდა, გულმხურვალე,

სიტყვატკბილი, ჭკვამაღალი.

ძველთაგანა ეგღა დარჩა

გრძნობით სავსე, გონიერი,

მაგრამ გაუბედავია,

თუმცა უყვარს თვისი ერი.

ის ძველის და ახლის შუა

შემაერთავი ხიდია,

მაგრამ ამ კარგსაც ქვეყანა

ზოგჯერ ფეხებზედ ჰკიდია.

 

გრიგოლ ორბელიანი

 

9

 

მეცხრე გამოცანად ითქმის:

- ეს ვის დაუწერიაო?

ნუ გაწყრებით და ნურც იტყვით:

- იგი ჩვენი მტერიაო,

თუ გაწყრებით, რა მენაღვლის?!

მე არ მაქვს თქვენი რიდია,

ვით თქვენ ქვეყანა, მეც წყრომა

თქვენი ფეხებზედ მკიდია.

 

ილია ჭავჭავაძე


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ