I
ჩვენ უჩინონი თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ... იქიდამ ვკნავით, სად თქვენის მადლით ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ. მაგრამ არც ერთი ხელობა თქვენი არ გვისწავლია; ჩვენი ქვეყანა, მკვდარი თქვენგანა, თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია. პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია; თქვენგან ჩაგრული, დაბრმავებული, ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია. და ხსნის იმედი თქვენებრ ხელში მჩვრად არ გაგვხდომია; კაცის მხნეობა, კაცის ზნეობა თქვენებრ ჩინებით არ გვიზომია. და სათნოება ფარისევლობად არ შეგვიქმნია, თქვენი სლოკინი, ხელთა ფოტინი ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია. მსწრაფლ გიცანით თქვენ, შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი; რად ჰკვირობთ მასა, რომ თქვენს ანბანსა ვერ შეაჩვიეთ ვერვინ ჩვენგანი.
II
მითამ რად გიკვირთ, რომ მაღლა ვყვირით მილიონებზედ და სხვაზედ არა! თქვე ყოვლად ბრმანო! თვით ოკეანო ერთად თავმოყრილ წვეთით შემდგარა. ოდეს ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთობით მილიონრობას? თქვე ნაცარმქექნო და გულნამცეცნო, აქაც ძირს უთხრით ღარიბთ ერთობას. უგზო-უკვლონი მით, რომ თქვენ ჰყრიხართ უქმად ჩვენშია, ჩვენ მოკუნტულნი, თქვენ გაბღინძულნი, ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია.
III
იმით თამამობთ, რომ ბეზღით გვწამობთ ურჯულოებას, ღვთის უარყოფას? ღმერთი არმობის, ღმერთი ყალბობის არ ურწმენია ჩვენსა თაობას; და თვალთმაქცობის, ღმერთი უქმობის უარუყვია, ღმერთი ხარბობის და მძარცველობის თქვენთა მზგავსთათვის მას დაუთმია. უქმთა წარმწყმედი, ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი, ღმერთი ტანჯულთა, ღმერთი ჩაგრულთა, ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი; თანასწორობის მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული, ძლიერთ დამბმელი, უძლურთ ამხსნელი, თქვენგვარ კაცთაგან გმობილ-დევნული; ორპირობისა ძირსა დამცემი და დამთრგუნველი, ფარისეველთა, სადუკეველთა გამაკიცხველი და გამდევნელი. შიგ სიმყრალით სრულს, თქვენებრი კაცი არ დაადარა?! ზაკვით სავსენო, ავმორწმუნენო, ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.
IV
„მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“ - მაგ აზრისა ვართ თანახმა ჩვენა, მაგრამა გმობა, ენისა მტრობა ბრალად ვის დავდვათ - ჩვენა თუ თქვენა? თქვენ არ იყავით ენის პატრონი ჩვენზედ უწინა?!. ჩვენ ძუძუს ვწოვდით, როცა თქვენ ჰგმობდით ენას და ხალხსაც გარეთ და შინა. რომ ღვიძლი ენა ბრძანებით დაჰსთმეთ აღმოსაკვეთად?! შიშით არც კარში და აღარს სახლში მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად. მის სიღრმე, ძალი“, ჩვენგან კი არა, თქვენგან წამხდარა; პირველ თქვენგანმა, იმა ბედშავმა, მას მკვდრის სუდარა გადააფარა.
V
ენა მდიდარი, თქვენს ხელში მკვდარი, ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად, და ამასაც თქვენ ცოდვად გვითვლით ჩვენ, რაღა პირითა დახვალთ ამ ქვეყნად! თქვენგნით ლტოლვილი ენა ჩვენს ქოხში ჩვენ შევიფარეთ; კარგად თუ ავად, ჩვენ მას ვინახავთ და მის სიკვდილით არ გაგახარებთ. დღესა თუ ხვალე, რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდება, მაგრამ კი თქვენი მრუდე საქმენი ისევე ისე მრუდედ დარჩება.
VI
„უგზოდ მვლელნოო, უსწავლელნოო“, - ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს, რომ ჩვენზედ ბევრსა თვით იწყველება, - ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართევლოს! ვირები ხართო, - მაგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება? მაგრამ შოთამ ჰსთქვა, - რაც კოკაში ჰსდგა, იგივე თურმე წარმოსდინდება... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |