კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:57

 

 

 

პირველყოფილი სისადავის ყრუ სიმძიმილით,

ჩამოთენთილი ზამბახების თმენით და თრთოლვით,

უსპეტაკესად უმშვიდესი თეთრი ღიმილის,

ჩუმი ვედრებით მოვიდა თოვლი.

მოვიდა თოვლი, მოქათქათე ღრუბლის ჩივილი,

თეთრ მდუმარების შორი ნუგეში.

ცივი ცახცახი აირეკლა სუსტი კივილით

შემოდგომაზე დაღვრილ ფერთა მღვრიე გუბეში.

მოვიდა თოვლი, სიმსუბუქე მოვიდა წყნარი,

აუხდენელი სურვილები შეაცვდა თოვას,

და მორიალე ფანტელები ჩქარი, ო ჩქარი,

პენელოპასავით ოცნებებს ქსოვენ

და აღვიძებენ გამხმარ ტოტებს სათუთად, ფრთხილად

თეთრი მითების მფრქვეველი სულით,

დაეძებს მიწას ნაზი რხევით სათუთი ფთილა

და ყველაფერი ჟრუანტელამდე არის დასული.

მოვიდა თოვლი, ოი, როგორ მოვიდა თოვლი,

მიუტოვებელ დაეჭვებავ, დახარე თავი.

დაღლილო სულო, სულო ჩემო, დრო არის მოსვლის,

თეთრი ლექსების დაიძრა ზვავი

პირველყოფილი სისადავის ყრუ სიმძიმილით,

ჩამოთენთილი ზამბახების თმენით და თრთოლვით.


პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ