კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:11

 

 

 

ალაზანთან დუქანია,

ხინკალის ცხელი,

დახლებს აქეთ თუშის გოგო

დაჰქრის, როგორც შველი.

დახლებს იქით მზარეული

ცომს ბუტბუტით მუშტავს,

ცხელი კერძის მოლოდინში

სული მისდის მუშტარს.

ორთქლი ასდის მარილწყალში

კალმახსა და ჭანარს,

ხითხითია, ხინკალია

და თითების ჭამა.

დაგოგმანებს თუშის გოგო,

თეთრი სინით ხელში,

ზოგს არაყით აბრუებს და

ზოგს თვალების ეშხით.

ჰოდა, ჩემდა უნებურად,

ერთხელ ისე შევთვრი,

რომ იმ გოგოს ლექსად ვუთხარ

შეგიყვარებ მეთქი.

დახლებს იქით მზარეული

აწიწმატდა უცებ;

უროსავით მსხვილი მჯიღი

დაიტაფა გულზე.

ორლესულად გადმომხედა,

ამომხედა ცერად,

ვერ გავუძელ მის მომდურავ

და ნაღვლიან მზერას.

თვალებამდე დავიფარე

ფარფლიანი ქუდი;

დახლზე დამრჩა მინანქარი

ავსებული ლუდით.

დახლზე დამრჩა ცხელი კერძი,

იმ ვაჟივით ცხარე;

მივატოვე ალაზანი

ჯეირნების მხარე.

ასი მთა გადმოვიარე,

დავუბრუნდი თბილისს,

თან ჩამომყვა იქაური

მოგონება თბილი:

ალაზნელი თუშის გოგო

ლამაზია ძლიერ,

კიდევ კარგი, მისი ეშხის

ცდუნებას რომ ვძლიე.

კიდევ კარგი, მზარეულის

არ დავიდე ცოდვა,

იმ ბიჭს მოსწონს, იმას უყვარს

გულს ისა სთხოვს, ჰოდა,

მე რა მრჯიდა, რა მინდოდა

მე და ჩემი ღმერთი!

თუშის გოგოს ისე ვუთხარ

შეგიყვარებ მეთქი.

ახლაც, ალბათ, ალაზანთან

დუქანია ერთი;

დუქანია, დუქანია

ხინკალივით თეთრი;

დაგოგმანებს თუშის გოგო

თეთრი სინით ხელში;

ზოგს არაყით აბრუებს და

ზოგს თვალების ეშხით.

არეული მზარეული

ცომს ბუტბუტით მუშტავს;

მუშტარს ელის, მაგრამ ყველას,

მაინც უმზერს კუშტად.

ჰოდა, უნდა დაუჩქარონ

ალაზანთან ქორწილს,

რომ უცოლო ჭაბუკები

დაგვაწყნარონ ორწილ,

თორემ, ჩემებრ იმ თუშელას

არ დასთმობენ სხვები,

ნახავენ და წაიყვანენ

საცალფეხო გზებით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ