კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:34

 

 

 

წუთით წარმოვიდგენ, თითქოს

გავჩნდი უსასრულოდ ცივი

და მკრთალ არსებობას მითბობს

სხვისგან ნასესხები სხივი.

უცხო ვარსკვლავთაგან ვინმე

შორით შენნაირად თუ მჭვრეტს,

ალბათ უსასრულოდ მცირე

ვგავარ უმარტივეს უჯრედს.

იმ დროს მომევლინე ახლოს,

წუთით ჩამომხედე სულში,

ეგებ სასწაულად ნახო,

რაც ვერ შეიგრძენი გუშინ.

შენზე დაფიქრება წამით

როცა ოკეანედ მაქცევს,

ვშფოთავ ცხრაბალიან ძალით,

ვამსხვრევ წარმოდგენილ ანძებს.

წუთით უსასრულოდ მცირე

ვხდები უსასრულოდ დიდი,

თითქოს ჟამთარბოლას ვძლიე

და შენ ხელაღებით მყიდი.

როცა მეჩვენება, თითქოს

მე ვარ მთვარესავით ცივი

და მკრთალ არსებობას მითბობს

სხვისგან ნასესხები სხივი,

მაშინ მომევლინე წამით,

როგორც გაელვება სიზმრის,

სანამ უსასრულო ჟამი

უსასრულობაში მისვრის.


პოეზიის გვერდი    • • •   პოეზია - ოთარ ჭელიძე  • • •    ოთარ ჭელიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ