ლურჯავ, შენც გრძნობა გქონია, როგორც კაცს, ადამიანსა: ბარით რო მთაში წამოვალ, შენ დროს ახანებ გვიანსა, მუხლში ქარს ჩამაიყენებ, დაემსგავსები ნიავსა. არ აბედენებ კლდე-ღრეებს, მკერდს იქნევ ყალამქრიანსა, შენც გული გიგებს, ტიალო, მივალთ სამშობლოს მთიანსა, კლდეზედაც კარგა მიჰფრინავ, უგზოს გზასა ჰქმნი გზიანსა. გულით მაშორვებ ვარამსა, ვარამსა ათასფრიანსა, არწივის ფრთეებს შეასხამ ჩემს ფიქრსა მრავალ-ფრთიანსა. მაყვარვებ უდაბურს ადგილს, ჭიდროსა, ნადირ-მგლიანსა, გვიან ზაფხულის მნახველსა, მწირსა და მოკლე-სთვლიანსა, - ადგილს უმთვაროს, უმზეოს, ჩვენ რომ ვეძახით მზიანსა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |