შევალ „Notre Dame“ -ში მოღუნული როგორც იუდა: დიდი ქუჩების ავხორცობით ტანდაღალული: ვიცი, ვერლენი მონანებით აქ მოდიდოდა. რომ დიდი ცოდვა შეევედრა გადანახული. აკანკალებით იმათ თვალებს ჩავაშტერდები; მლოცველთა ზურგებს ეფინება ყვითელი ფერი: დავთვალე შიშით ქარვისფერი ქრისტეს გვერდები. შევკადრებ მხოლოდ: „ქალბატონო, ახ ჩემი გული!“ და თუ ავტირდი - მე მლოცველებს მოვერიდები, რომ სხვაზე მეტად არ ვეგონო მათ დაკარგული. იქნება სცივათ მაშინ გამხდარ, უბინო ძაღლებს! თეთრ ბალდახინზე ქანაობენ სერაფიმები, მიასვენებენ მოქალაქეს ყველაზე ნაკლებს! დიდია ღამე… ვინ გადახდის სახლებს სახურავს? მხოლოდ პოეტი გაბრაზებით დაცლის სტრიქონებს და ჭლექიან ცოლს ღმერთზე მომდურავს. „თქვენ, სულო ჩემო, საცოდავი ხართ როგორც ბავშვი! რისთვის არ მოგწონთ ეს ცხოვრება და სიძვირფასე? წავიდეთ ერთად, ჩუმათ ჩავსხდეთ მოთეთრო ნავში. თეთრ კაბით მოგრთავთ, დაკიცონით მცივანა ფეხებს; და თუ ქალაქმა გადაგვრეკა თავის დიდებით - წავალთ და მტრედებს გადავუყრით პურის ნატეხებს. ჩვენ მოგვესმება სახლებიდან ნელი ხრიალით. და თუ დაგვიდგა დღე მზიანი და სამაისო - დაუართ ლეკურს თავმომწონე ცეკვა ტრიალით!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |