სდგას როიალი შავფრთიანი და მიუწვდომი, როგორც ქიმერა მედიდური და ჯავაირი; მაცდურობს რამპა იმართება სცენა ფანტომი; მოდიან კრძალვით აქტიორები ნაირ-ნაირი. მოველით მარტო სიბნელეში განწირულ კონცერტს; ტორტმანობს შავათ მგლოვიარე, მუქი დარბაზი, არ ემეტებათ ატირება მათ ჩვენთვის არცერთს, ჯდება ყორანი როიალის მაღალ კარბაზე. და ქანდირბაზი დაიუფლებს კლავიშებს ვიწროს; მძიმე თვალებით გადმოგვხედავს ჩვენ თანაბარებს. შავი ბეჭდები თითებიდან სურს რომ წაიძროს და თვლებს შხამიანს ის ღიმილით შემოგვაპარებს. ავი ოცნების კეისარი კიდევ აქ არი, მაგრამ ყორანი შეიშმუშნის ფრთებს უნაპიროს. დამპალი სახით მას უღიმის ჩემი ამქარი ვატყობ დარბაზის გადალახვას იგი აპირებს. ის ლორწიანი როიალთან აქანდაკდება, ვით დირიჟორი, თვითმპყრობელი, მოგვი მაცდური. დღეს მანეკენებს ატირება არ დააკლდებათ და მეც ბარბაცით გამიყოლებს მათი ფანდური. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოლაუ ნადირაძის პოეზია |