კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 21:30

 

 

 

ასეთი იყო მთვარე მაშინაც,

ხუთასი წლის წინ, არნოს ნაპირად,

როდესაც ტრფობამ გადაგვაშენა

და სიკვდილს ხარბად გადაგვაპირა.

ეს იყო ღამე უელვარესი,

დაგუბებული ვნების ტბორებად.

გადაშენების ნაზი ალერსი

ახლა ჩემ ხსოვნას ეამბორება.

არ იყო სხვა გზა გადასარჩენი;

ერთად დაგვაკრა იღბალმა დაღი;

ჩვენ გვიბარებდა დიდი გამჩენი,

და ჩვენ გველოდა ციური ბაღი.

მზე ემაუსის მიგვინათოდა,

და ნაზარეთი გვენატრებოდა;

ანგელოზების ფრთები გვათოვდა,

და ვარსკვლავები ჩუმათ ჰქრებოდა.

ასეთი იყო მთვარე წარსულში,

ასეთი იყო გზა დაბრუნების;

ისევ ის მთვარე ფერგადასული

დღეს ცაში ღელავს და იღუნება.

და სხვა მდინარის ცისფერ ნაპირებს

მოადგებიან ჩვენი ლანდები;

და ისევ სიკვდილს გადაგვაპირებს

წარსული ტრფობის მძაფრი ფანდები.

შენი ღიმილი ისევ ის არი,

და თვალთა ცქერა დაუხსოვარი.

მე ვარ ამდგარი მკვდრეთით ლაზარი,

დღეს შენი მონა და მაცხოვარი.

არ არი სხვა გზა გადასარჩენი!

მოგველის ზეცა თეთრი ბაღებით;

ისევ გვიბარებს წმინდა გამჩენი,

ისევ სიკვდილით დავიდაღებით.

და ძველი გზებით გავყვებით მნათობს

პილიგრიმები გაფითრებული:

ანგელოზების ფრთები დაგვათოვს,

და ვარსკვლავების სუფთა კრებული.

ქრისტეს. ცრემლებით ნაბანი ველი,

ცა - ალმასებით სავსე აუზი:

და როგორც წინად, დღეს ისევ გველის

ჩვენ ნაზარეთი და ემაუსი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ