ვინ არის იგი: ახოვანი, კუშტი, ზვიადი, მკერდ-განიერი, მკლავ-ძლიერი, შუბლ-დაღარული, - ვინ არის იგი, ზღაპრული და ლეგენდარული?
ვინ ააზავთა გული მისი ქარიშხლიანი, რისთვის მოგრგვინავს როგორც ვეფხვი რისხვის ხმიანი; - ვინ არის იგი, ლომ-გული და შიშველ-ხმლიანი?
რისთვის დაანთო ეს ხანძრები, ეს კოცონები, რად ააბორგა ბრგე ბრბოები, ურჩი მონები?
ვინ ააფეთქა სული მისი ტიტანიური, ან ვინ ჩაჰყარა მის კლდე-მკერდში ცეცხლი ციური?
ბოროტი სული, თუ კეთილი, გიჟი, თუ ბრძენი - დაძონძილი, ჩამოფლეთილი?
ზღვის წარღვნაა თუ ქარტეხილი; თუ ცის მეხია, ჭექა-ელვით ძირს დატეხილი?
რისთვის მოუძღვის ფეხებ დამსქდარ მღელვარე მასებს, ან რას უყივის ბელადივით დაჩაგრულ რასებს?
ვისზეა ასე შერისხული. დამუქრებული, რისთვის მოგრგვინავს ეს მთა-კაცი მთით დაშვებული?
ამ ძე-ხორციელს ვინ შთაჰბერა გრიგალის სული, სიკეთისთვის თუ სიავისთვის არის მოსული?
რისთვის აღძრულა სიძულვილით, ბრაზით და რისხვით? რა, რა სწადიან: ზეცის დამხობა, თუ წალეკვა დედამიწისა?
ყორნებისაგან დაფლეთილ მკერდზე სისხლი წვეთ-წვეთად შეჰხმობია, შეჰხორცებია! ის დიდხანს იყო მიჯაჭვული მიუვალ კლდეზე, ღმერთებისაგან დასჯილი და, მივიწყებული! მხოლოდ ყორნები ეწვეოდნენ დასაკორტნავად!
დარიალის ღრმა ხეობაში, თერგი მრისხანე, უზარმაზარ მომსქდარ ლოდებით, მოღვართქაფებდა გულ-ხეთქებით, ზათქით, გოდებით!
თერგი ცრემლიაო იმ გოლიათის. საუკუნენი დალეწილან იმისი კვნესით; მთანი და კლდენი დახეთქილან მისი ცრემლებით. მაგრამ აღსრულდა! ბოლო მოუღო გოლიათის ასკეც ვაებას! უკანასკნელად მოიკრიბა მთელი ძალ-ღონე, ასწყვიტა ჯაჭვი და აეშვა კლდიდან კლდე-კაცი!
გათავდა! განთავისუფლდა გოლიათი! მილეწ-მოლეწა დაჟანგული მან ბორკილები და წყევლა-კრულვით ესროლა ზეცას! ღმერთებს მუქარა შეუთვალა და ხმალს მიჰვარდა!
მიწიერნო, ძალნო ციერნო, ყოვლად ძლიერნო მოციქულნო კაცთა მონობის თქვენ არ იცოდით: არც დანდობა, არც შებრალება! ნურც მისგან ელით: პატიებას და შეწყალებას! ის სასტიკია!
ვინ არის იგი? ხვითქიან ტაიჭს მოჰფრენია რაინდი იგი და რიხიანად მოიმღერის ბრძოლის სიმღერას!
ისმის ხოტბა თავისუფლების და მტერთა მისთა გასრესა და გაცამტვერება!
მიპასუხეთ: ვინ არის იგი, ვინც ძირს დაამხო კაცთ-მონობა და ტირანია? - ამირანია! გმირთა-გმირი ამირანია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ქუჩიშვილის პოეზია |