კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:51

 

 

 

ახ, რა კარგია,

რა უტკბილესი

ბავშვობის დროის

რვეულთა გაშლა:

ენის ტიკტიკი,

დედის ალერსი,

სოფელი, 

რთველი,

აკიდოს ასხვლა.

რარიგ მიყვარდა

ნავარდი მინდვრად,

ჩილიკა ჯოხი,

შურდული,

სტვირი,

ჩემებრ პატარა

ჭრელჭრელი ლიტრა

და ხევში წყაროს

ხმა გასაკვირი.

რარიგ მიყვარდა

კორდი,

ტყე-ველი,

შემკული ფერად

ყვავილთა სერით;

ცელქი,

ჯიუტი,

მუხლმოუღლელი

ვიყავ გართული

პეპლების ჭერით.

რარიგ მიყვარდა

წვიმაში რბენა

შიშველ ფეხებით

და ჯოხის ცხენით,

გომბორის მთების 

ელვათა ფრენას

და მეხთა გრუხუნს

ვხვდებოდი ლხენით.

მდინარე თურდოვ!

როცა პატარა

ვეზიდებოდი

გუდურა შეშას,

ბევრჯერ ყირაზე

გადამატარე

და მაფართხალე

ტალღების ქვეშა.

მახსოვს:

დედიკო შემომეგება

და ვაჟკაცივით

მოვჰყევი ხვნეშას,

გამეზარდეო, -

დამიწყო ქება, -

და სიბერის ჟამს

მყავდე ნუგეშად.

მახსოვს...

რა დიდი სიხარულია,

განვლილ ბავშვობას

რომ არა ჰკარგავ,

გულში ისევ ის

გაზაფხულია,

რადგან ბავშვობაც

გაზაფხულსა ჰგავს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ