კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:49

 

 

 

რამდენი გრგვინვის, რამდენ ქარიშხლის

ხმაურით სავსე გზა გამივლია!

გული-კი მაინც ბრძოლას არ იშლის,

ფართხალებს, როგორც ჩიტი ნიბლია.

ბევრი გარდახდა გარდასახადი,

მაინც საღია და არ ბერდება.

ფეთქავს წამისწამ, როგორც საათი,

ვიდრე უეცრად არ გაჩერდება.

არ იცის, დღეთა ცვლა რომ ჩქარია,

როგორც წამწამის დახამხამება,

რომ მზის ამოსვლა თვალს უხარია,

მაგრამ ახლოა შემოღამება.

წლები მიდიან, აღარ მიცდიან,

თურმე გასულა უკვე სამოცი! 

შეუმჩნეველად გამომიცვლია

ახალგაზრდობის ტანისამოსი.

გულს-კი არ სჯერა ეს ანგარიში,

ნაღვლიან ფიქრებს ის არ გაჰყვება,

მას ბრძოლის ველზე უნდა თარეში

და პოეზიის ალში გახვევა.

და ხშირად, როცა მე ჩემს უბანში

ახალგაზრდების ჟრიალი მესმის,

მინდა ჩარევა მათს საუბარში

და მოწაფურად წაკითხვა ლექსის.

ხან-კი გაზეთის ფურცელზე დახრილს

გამიბრწყინდება თვალები ქორის,

თუ წავაწყდები ჩემს გვარს და სახელს

ახლად გამოსულ პოეტთა შორის.

მე სიხარულად ისიც მეყოფა,

რომ გაზაფხულის ვარ თანატოლი,

ზამთრის ნასუსხი მე არ მეტყობა,

თმა არის მხოლოდ გადანათოვლი.

შრომის უნარი მაქვს წინანდელი,

გულში ათასი გეგმა მიწყვია.

ჯერ მე სიტყვისთვის ბრძოლა ნამდვილი,

ასე მგონია, არც დამიწყია.

აქამდე მხოლოდ ძალას ვიკრებდი

და შეტევაზე ახლა გადავალ.

მე ჩემი გრძნობით, ჩემი ფიქრებით

ჩვენი ეპოქის ახალგაზრდა ვარ. 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ