კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:03

 

 

1

 

არის ძველი ლეგენდა, ზღვიდან შემოვარდნილი,

გარდასული დროების მოქარგული საფარი.

დაჩაგრულთა ოცნება მუდამ ღვივის ვარდივით:

როცა ბნელა გარშემო, მაშინ ბრწყინავს ზღაპარი...

მზე ჭყონდიდის მუხაში დიდხანს იჯდა კრუხივით

მაგრმა ოქროს წიწილა ვეღარ გამოეჩეკა.

ცაში ფუჭად დარბოდა უნაყოფო ქუხილი, -

ჭაობს ვერ შეარხევდა, ნიადაგ რომ ეჭექა.

ნისლი ამოდიოდა დამპალი წყლის ორმოდან

და კოღოებს არწევდა შხამიანი ყვავილი.

ხშირად მღვრიე რიონი ცოფიანი მორბოდა,

არემარეს იკლებდა შემზარავი ბღავილით.

ივსებოდა ჭყანტობი ანწლითა და ნარითა,

შემდეგ მწერთა საბუდარს ცეცხლი წვავდა უცები.

ღელეს გადასცქეროდნენ გადამწვარ ჯაგნარიდან

ყორნებივით დამსხდარი გარუჯული კუნძები.

მზისგან მიწა ფუოდა, შიგ ნათესი ლპებოდა,

ავადობდა ყამირი, მუდამ წყალმანკიანი.

შრომა იყო ამაო, გარჯა იღუპებოდა,

არ ჰშველოდა ამინდი, უმზეო თუ მზიანი.

გუთნის-დედა იბრძოდა კენტად, მარტო-ხმიანი.

წყლის და მიწის ჭიდილში გონივრული ჩარევით,

მაგრამ თხრილში იცდიდა ბარი ტალახიანი,

როცა ფოთლის კარავში კაცი ეგდო ჩვარივით.

კაცი ეგდო მოწყვეტით, დაალხული შმორითა,

ანთებიან გონებით ბურანში გაასული.

ორფეოსის სიმღერა მოესმოდა შორიდან

და თან ელანდებოდა კოლხთა მეფის ასული.

ოქროს ვერძი მოსჩანდა იალქნიან "არგო"-დან,

ჯადოქარი მედეა წყალზე ფეხით დგებოდა.

იაზონი ნადავლით ყაჩაღივით გარბოდა

და ფაზისის ნაპირებს ტალღა ეხეთქებოდა.

ელვარებდა ლეგენდა ზღვიდან შემოვარდნილი,

ამ დროს ტალახს მიჰქონდა სათოხნი და საბარი.

დაჩაგრულის ოცნება იშლებოდა ვარდივით.

ბნელი იყო ცხოვრება და ბრწყინვალე - ზღაპარი.

 

2

 

დღეს ზღაპარი დაემხო სინამდვილის წინაშე:

"არგო"-ს ნაცვლად რიონში შედის ექსკავატორი.

წყალი ზღვაში წავიდა, თავის პირველ ბინაში,

მიწა შრომას დანებდა, თუჯის ვეფხვის ნატორი.

ვხედავთ, ბოლო ეღება ავადობის მორიელს,

შრომა ბარაქიანი ჯანსაღ სხეულს აკაჟებს.

უჟმური და ციება წყალს თან გაჰყვა შმორიანს,

ნაღვლიანი სიმღერაც თან მიჰყვება ლაქაშებს.

ახლა ნახეთ ეს მხარე, თუ რა სანახავია:

მას ვერა სჯობს მშვენება ვერც ზღვისა და ვერც ცისა,

დღეს კოლხიდის მიდამო თითქოს ერთი ტყავია

ოქროს ბეწვით შემოსილ ლეგენდარულ ვერძისა.

დღეს ჭყონდიდის მუხაში მზე კრიახობს სხვაგვარად:

ოქროს კვერცხის ნაჭუჭებს ყრის და ვეღარ იცილებს.

ფორთოხლების შრიალმა მწვანე ველი დაჰფარა,

თითქო გააქვთ ჟრიალი მინდვრად ყვითელ წიწილებს.

თოვლს დაადნობს თხემებზე გაფახული გვიანი,

წვიმიანი ღრუბელი ისევ მოაქვს წალიკონს,

მაგრამ მშვიდად შრიალებს ველი ნარინჯიანი:

დასალტულმა რიონმა აწ ის ვეღარ წალეკოს.

ველს უხდება შერხევა ყვითელ-მწვანე ნაკვთების,

თითქო ცისფერ ტალღებში ბრწყინავს ოქროს ნათური.

ახლად ისმის სიმღერა ზღაპრულ არგონავტების,

როცა ჰაერს გააპობს ბრიგადელთა ნადური.

ხიდან ცურვით ჩამოდის ხილით სავსე გიდელი,

უხვ მოსავალს ზეიმობს ველი ნაჭაობარი.

თავს დაგვნათის მზესავით "მგზნებარე კოლხიდელი", -

მშრომელთ დიდი სარდალი და ხალხთა მეგობარი. 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ