კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:43

 

 

 

გალაკტიონ ტაბიძეს

რა უცნაური მოაქვს ცახცახი

მდუმარ ჩრდილებში ჩაღვრილ სინათლეს?!

თითქოს დამცხრალი მთვარის ნასახი

ღამის გახელილ თვალში ბზინავდეს.

თეთრი პეპლები ცას დაჰხვევია,

დგას თეთრი ფრთების კორიანტელი.

მაღლა მთა არის, დაბლა ხევია,

ირგვლივ რძისფერი შუქის მფანტველი.

ეს რბილი შუქი ნეტავ რისია,

ასე ჩუმად რომ ჰყვავის ვაშლივით?

მღვრიე ჰაერში თეთრი ნისლია,

ნისლში მთვარეა თითქოს გაშლილი.

რა უსასოო ფრთების ცახცახი

მოაქვს გალეულ მთვარის სინათლეს!

თითქოს ნათელი ღამე გასძახის

უშარავანდო ღამეს წინანდელს.

ზეცა შროშანი და ზამბახია,

თუ ვარსკვლავების თეთრი კრებული?!

თითქოს ვაშლის და ნუშის ბაღია

რძიან ღრუბლებში აყვავებული.

თითქოს გრიგალი ცაში მძინვარებს,

ბაღი იმსხვრევა და ილეწება.

უბე აუვსეს მიწას მძინარეს

ჩამოცვენილმა ციდან ლერწებმა.

და მთელი ღამე თეთრი ყვავილის

ისმის ნაზი და ჩუმი ვედრება,

რომ არ გათავდეს მძინარ მთა-ველის

გასაკვირველი გადათეთრება.

და რომ გათენდა, ცამ გადაიღო,

ჩადგა გრიგალი, იქ რომ შფოთავდა.

ბაღი ციური ქარმა წაიღო

და ყვავილების ცვენაც მოთავდა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ