კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:52

 

 

 

დღეს მუცელმოგვი საფირონი, როგორც ქიმერა,

ოქროს სცენიდან გაფითრებულ პარტერს ამონებს.

ის ერთი წუთით წარმოიდგენს თავს ცრუ იმერად,

მიესალმება ლორნეტიან ლოტრეამონებს.

ლოჟებში ჩადგმულ ნავებიდან იცქირებიან

კურტიზანკები და პარტერიც. ალბად, წყალშია.

თეთრი გედები ორკესტრიდან ბლომად ჩნდებიან

და ერთი სკრიპკა ნისკარტების კარნავალშია.

თვით კლეოპატრა არომატის ნიღაბით მოდის...

ცრუ აზნაურის საფირონი უტყვი გახდება.

დაქორწინება ქიმერების იქნება როდის?

როცა ეს წუთი რუბინებით დაირახტება.

დედოფალს ბეჭედს საფირონი იქ შესთავაზებს,

მარა სურნელში იმალება ვიწრო თითები.

ის მიუგზავნის დაუგეშავ მეფურ გავაზებს,

რომ კლეოპატრას მოაგონდეს სხვა ჯირითები,

შორ აივნიდან ამხნევებენ იმას მგოსნები

და საფირონი დაიჩოქებს, როგორც სალოსი.

სახე არ ჩნდება იმ სურნელში ნასხივოსნები,

ხოლო ხმა ისმის გაყინული სატრფიალოსი.

ზღვის სერაფიმი კლეოპატრა განიავდება,

მაგრამ დარჩება დათოვლილი მისი ხაბარდა.

ატირდებიან პოეტები ედგარის გარდა.

ნიღაბიანი საფირონი იწვის, ბრმავდება

და გრიგალივით დაეშვება ხანძარის ფარდა.


პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ