კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 03:49

 

 

 

მოვკვდები ჩუმად ჩემს კუთხეში საწყალი მგზავრი,

სულს გამიციებს მე ქალაქში თუჯის სახლები

და წავალ ისე მოკრძალებით, უცნობი ჯავრით,

რომ სიბრალულით დამკოცნიან ქუჩის ძაღლები.

არ გამანათებს გვირგვინები და პროცესია,

გულღია საფლავს არ დააბნევს ვარდს ქალწულები.

კუბოს ცხენებიც არ წაიღებს როგორც წესია -

აშლილ ნაბიჯით წამათრევენ დაქანცულები.

ო, მეგობრებო! მომიტევეთ შეცოდებანი,

დაბეჟილ სხეულს ვინ გაუღებს სამოთხის კარებს.

განსაზღვრულია წმინდანების იქ წოდებანი

და პატიოსნად ცხონებულებს ვინ მიმაკარებს.

მე ხომ უეცრად დამიმარცხდა ყველა უჯრედი

და ჩემი სისხლიც მოიწამლა გადაშენებით,

წინაპართ თესლის ძლიერება მხნე და უშრეტი

ცოდვამ წაიღო ვნებიანმა ჩქარი ჭენებით.

ჩემით თავდება წელმაგარი გლეხების გვარი,

მამათა სისხლი გადავლენე შხამიან ძმარში,

დავიწვი ისე როგორც ჩვენსას იწოდა კვარი

და მშობელ მიწას ვაგონდები მე ავ სიზმარში.

მე ბევრი მიმაქვს უცნობი და გაუგებარი,

ჩემს ტვინში ბევრი უცხო აზრი გადაგლესილა.

მე არ მსმენია ტკბილი სიტყვა-ძმა, მეგობარი,

ო, რომელიმეს მტრულად მაინც გაერტყა სილა.

და ეხლა მკვდარი, ფეხშიშველი, გახუნებული,

ხმელი ვკიდივარ ორი ქვეყნის მე ორბოძალზე.

მე წარსულ დღეებს გადავტირი დაღონებული

და ყველა ღმერთებს სათითაოდ ვაგინებ ძალზე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკოლო მიწიშვილი  • • •   ნიკოლო მიწიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ