კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:53

 

1

 

ვინ არი აგერ, იქ, სარკმელთან ვინა ზის,

მფინარი სიცოცხლის, ეშხის და სინაზის,

შიშველი მკლავებით ქარს მკერდზედ ახუტებს,

ვით შველი გაჰყურებს მთის ჭარმაგ ჩაფხუტებს.

ტანი აქვს, რა ტანი: ლერწამი! კენარი!

ხან მიაქვს, ხან მოაქვს ღიმილი ზენარი;

ალუბლის ტუჩებზე ამბორი ნანაობს

და შუბლის წინამო ნიავზე ყანაობს,

ქევქევით ნაზია, ცქაფია, ჩქარული,

ისე ვით ეს რითმა ამ ლექსში ფარული.

 

2

 

მებრალვით, მგოსნებო, ღმერთმანი მებრალვით,

რომ კრძალვით ქალებსა ექცევით, ემალვით,

რა რიგად იმცირებთ საკუთარ თავსა და

რიგრიგად ცოდვილობთ ბერების მზგავსადა,

აქ მოდით ჩემთანა, - ჰე აქეთ! ჰე აქეთ!

და ოდით ეს ქალი შეამკეთ, შეაქეთ,

ალესეთ თაზანა, მომართეთ ჩანგური,

აკვნესეთ სიმები, სიმები ჰანგური

და ენით, იმ ენით შოთა რო ლექსს გვფენდა,

შეჰქმენით ლეგენდა, უკვდავი ლეგენდა.

 

3

 

რად გინდა, მხატვარო რად გინდა, რომ ბოლოს

ეგ წმინდა სახელი ბრბომ ზიზღით ჩაქოლოს,

რას სტანჯავ მარჯვენას მითხარი რა გნებავს,

რად ხარჯავ უბრალოდ მაგ ფერად საღებავს?

და, ან ვით გგონია დასტკბები, დათვრები? -

დაცინვით დაგსჯიან სხვა ქვეყნის მხატვრები!!

ახ, მენდე შერცხვები მაგ ტილო-ფალასით,..

აენთე, მხატვარო, ნიჭითა ხალასით

გაბედვით იხილე ეს ქალი, - ჩვენება, -

და ხედვით მოსტაცე სამხატვრო შვენება.

 

4

 

ქანდაკის მკვეთელო! თუ გინდა, თუ რომ გსურს

სპეტაკის ღიმილით ჰანგს გფენდნენ ალერსურს;

თუ გინდა შენც გახდე მსოფლიოს მხატვარი,

მოგვწყინდა ერთავად ქანდაკი მაგგვარი,

ან, რატომ სურვილობ ხალხს ისე ჩამორჩე,

რომ მარტომ იგლოვო ეგ ნორჩი სინორჩე?

დასტოვე ეგ რვალი, ეგ აზრი, ეგ ნება

და სთხოვე შემოქმედს მოგმადლოს შეგნება,

რომ გქონდეს ქანდაკად ამ ქალის მარმარა,

ოღონდ ეს აჰკვეთე სხვა ნურა გამა-რა

 

5

 

და, ან, შენ, მღერალო ნეტავი რას ფიქრობ,

დაამშვენ შენ სახელს, ან სევდას გაიქრობ?

შენს ხმაში არა სჩანს ხმა წრფელი, ხმა სადა,

არც ტაში, არც ვარდი, არა სჩანს არსადა,

გეტყობა, ყველაფერს კისრულობ ადვილად,

სჩანს ტრფობა არ იცი რას ნიშნავს ნამდვილად, -

მაშ მტერი ხომ არ ხარ შენი ხმის, რომ ობლად

დამღერი უსულოდ, უგულოდ, უგრძნობლად??

ჰა, შეხე ამ ქალსა, ჰა, შეხე და... მერე

დასტენე ხმის ხინჯი და გრძნობით დამღერე...

 

6

 

ვინ არი, აგერ იქ სარკმელთან ვინა ზის,

მფინარი სიცოცხლის ეშხის და სინაზის?

მისამართს შევიტყობ, მისხლითი-მისხლითა

ან მის კვართს შევღებავ ალისფერ სისხლითა,

ან, არა მის ხსოვნას, მის ფიქრებს, მის სახელს,

ნარნარა ოცნება მხოლოდ მე გამიმხელს.

ოდესმე ჩემს მამულს თუ ხსნა ეღირსების,

ოდეს მე გავხდები თუნდ მეფე ლექსების: -

მაშინ სულს ვფიცავარ - ამ ქვეყნად, ამ სოფლად -

ამ ასულს დავსვამდი სპარსეთის დედოფლად.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ