კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:59

 

 

 

თქვენს თბილისს, თქვენს თვალებს

ვერ ვინახები;

მზე მივლის... მაწვალებს

მე ვენახები

ძვირფასებო ასეთია

სოფლის წუხილი...

ჩვენს ახლო ოსეთია,

ვნახე, წუხელი,

ოსი რომელიც ჩვენ გვეწვია ბევრ კალმახებით...

გუშინ ყარანას ჩვენ დაუგეთ მახე,

ვერ დავიჭირეთ! ვინადირეთ მერე მწყერები

დღეს კი სოფელში სწვიმს, ღელეა და მეწყერები.

ჩვენი წისქვილი წაუღია წყალს ნახევარი,

სოფლის ბოლოში გავაგზავნეთ გძელი ყევარი,

ამოიტანეს ყველაფერი გარდა კოდების,

ჩვენი მემინდე გაგვიხელდა წყლის ბოროტებით.

ბევრს გწერთ წისქვილზე, რადგან არის ნაზი პატარა,

რადგან მემინდემ ბავშობაში ზურგით მატარა...

სოფელში ბერძნის მოგვეჩვია ჩვენ მათხოვრები,

გვთხოვენ სიმინდს და უსიმინდოდ დარჩენ ღორები,

და გადავწყვიტეთ სანახევროდ მათი გაცემა....

ქორმა დაგვიწყო წიწილების ჩვენ მოტაცება,

აამუშავა მოურავმა ორ ლულიანი...

შემოდგომაა მოწყენილი და ღრუბლიანი.

სოფლის სკოლაში თუ დადიან ახლა ბავშვები,

ნიფხავ-პერანგი აქვთ სოველი და გასაშრობი...

ყვირის ურია: „საწვრიმალოოო! ფართალ-ფართალი!..

მეტად გაძვირდა კოჭიძაფი და იარდალი.

ჭორფლიან ცხენით დადის ურია,

მოყავს ქათმები, იხვი, ბატები;

სიძვირე მეტად უცნაურია

,საკითხს გადაჭრა უნდა დადებით.

ღვდელი იძახის: „ამაოებით

აივსო მთელი ქვეყნიერება,

თუმცა ჰყავს ძროხა: წყვილად ხბოები

და არც სურს მეტი ბედნიერება.

საღამოს შარით მოდის ნახირი,

და მწყემს გოგოებს უჩანთ მუხლები;

(შენ ჩემო გულო ნუღარ ახირდი:

მეორე გულთან ხარ შეუღლებით)...

კვირა დღეს შემხვდა ეზოში გავლა,

მსურდა მოზვრების მე დაფეთება;

ბრუდეთ დადგმული მეჩვენა თავლა,

ვითხოვე თავლის გადაკეთება.

მერე ვითვალე სახლზე კრამიტი,

და ანგარიში რომ ამერია;

უცბად მოვიდა ცუდი ამინდი

და მივაშურე შუა კერიას...

არგვეთი შემოდგომა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ