გლეხი ვარ, მიწას შევყურებ, ბალღი რო დედის უბესა, ის მე მაწოვებს ძუძუსა, მიმრავლებს ქათამ-იხვებსა; და მეც ვუსერავ გულ-მკერდსა, ვაყენებ ოფლის გუბესა, მიწის უბესა, კალთაზე დილით მწუხრამდე მშრომელი: ხან ვთიბ, ხანა ვმკი, ხან ვთოხნი მუშაკი დაუცხრომელი. ბედნიერი ვარ, ჩემისა შრომითა გაუძღომელი. მწყინს ამისთანა ქართული: მნახოდით ყანის მკაშია, ვბრუნავდე შემოკალთული; მაქვს საბძელ-კალო, გომური, სახლი, – აქვს ერთი სართული; კერაზე ცეცხლი მინთია, ზედ შეშა არის დართული. რაცა მაქვს, ჩემი შრომაა, არავისთვის მაქვს წართმული. ესა მწყინს მხოლოდ, არა მაქვს მე საკუთარი მამული. შრომისთვის ნუ გებრალებით, მე იმაში ვარ გართული. ის შაიბრალეთ, ხელები ვისაც აქვს გადახლართული უკან, სხვის ნაშრომს შეჰყურებს, ბოლთას სცემს გამოპრანჭული. ერთობის იმედი ჰქონდა, ვაჰ, რო გაუწყდა მავთული! ბატონი თავის შრომისა, მიწის გულისთვის მოვკვდები, არ მეშინია ომისა, არც თოფის, არც ზარბაზნების, არც უფროსების წყრომისა. ეყოფათ, რაც იუფროსეს, მუქთად აჰკრიფეს ღალები. ის აღარა ვარ, მენაცა დღეს ავახილე თვალები. ავიწევ, უეჭველია, ცხოვრების განაწვალები. მიწა მომეცით, შრომისთვის ნურავის შაგებრალები. შრომა თქვენ ცუდი გგონიათ, კაცის ღირსების დამმცრობი? თქვენ მაინც გულში იფიქრეთ, ვინც შრომისა ხართ ნაცნობი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |