ვისი მადლობა... რისი მადლობა?! ნეტავ რა არის სამადლობელი, როცა უმწეო უმწყემსურ ცხვრებში დათარეშობდეს მსუნაგი მგელი! ვიღაცა ორი თუ სამი კაცი, ჩინ-ორდენების მაძიებელი, ბიუროკრატი, ვითომ მამაცი!.. გადაბუგვია სახლი და კარი!... რა დროს მღერაა, რა დროს მადლობა? უნდა საქვეყნოდ ისმოდეს ზარი!.. მამა - შვილს, ძმა - დას, თავის ცოლს - ქმარი, თუ ხმა გაიღეს, თანაც მოჰკლავენ, და მშველელი კი არავინ არი! და მათ მართალი თავი ჰგონია, სჩანს, ბუნებითაც ეგოისტია! გული აროდეს არა ჰქონია!.. საერთო ვნებას... ამდენ სატანჯველს ... სარგებლობს მოძმის უბედურებით, და ის რომ იწვის, მაშინ ითბობს ხელს... რა არის მაშინ სამადლობელი, როცა უმწეო, უმწყემსურ ცხვარში გაბატონდება მოსისხლე მგელი?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა |