მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა მაღალტექნოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც გამოირჩევა ფუნქციონალობით, ეფექტური დიზაინით და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტრუქციებს გააჩნიათ შესანიშნავი მახასიათებლები, ნაკეთობების საიმედობა დამოკიდებულია რეგლამენტურ ოპერაციეებზე, რაც მოიცავს პროფილებისა და ჩარჩოების სისტემატურ გაწმენდას, ფურნიტურის დაზეთვას და რეზინების (მამკვრივებლების) გაპოხვას.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოვლის პროცესში, ყურადღება უნდა მიექცეს ამ ნაკეთობების თავისებურებებს და მომსახურება განხორცილდეს აუცილებლად - კომპლექსურად.
ამიტომ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დეტალურად განვიხილოთ იმ ძირითადი დეტალების მოვლის მეთოდები, რისგანაც შედგება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების კონსტრუქცია.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მოვლისა და მომსახურეობისთვის არ არის საჭირო სპეციალისტის გამოძახება, ან პროფესიონალური ჩვევების ფლობა. პვქ კარ-ფანჯრების მოვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოვლის საშუალებები
თუ ადრე მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრების მფლობელებს უხდებოდათ სამეურნეო და სამშენებლო მაღაზია/მარკეტებში სიარული, რომ შეერჩიაით საკუთარი კონსტრუქციების მოვლის საშუალებები, დღეს ამის საჭიროება აღარ არის, რადგან თითქმის ყველა მწარმოებელთან შეიძლება შეიძინოთ მოვლის საშუალებების კომპლექტი „აფთიაქი“, რომელიც შეიცავს
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ყველა ცნობილ მწარმოებლებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა: Fenosol, КВЕ, Edel Weiss და სხვა... გააჩნიათ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოვლის სპეციალური კომპლექტები.
ეს ნაკრებები შეიცავენ:
• პოლივინილქლორიდის გასაწმენდ და სარეცხ საშუალებებს,
• მეტალის დეტალებისთვის განკუთვნილ აეროზოლებს,
• ფურნიტურის დასაზეთ სპეციალურ ხსნარებს;
• მამკვრივებელი რეზინების საპოხ სპეციალურ საშუალებებს;
• სპეციალურ მინის საწმენდ ნოტიო საფენებს;
თუ ასეთი კომპლექტი შეიძინეთ, მიაქციეთ ყურადღება - რამდენად მოსახერხებელია და ეფექტურია მისი ექსპლუატაცია. ჩვეულებრივ ისინი საკმარისია 2 ოთახიანი ბინის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ორი წლის განმავლობაში მოსავლელად.
სახლის პირობებში
თუ ასეთი კომპლექტები თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის ფასის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, რა თქმა უნდა შესაძლებელია ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებების ან საპნიანი ხსნარის გამოყენება.
გაითვალისწინეთ, რომ წყალი უნდა იყოს თბილი შეიძლება მასში საპონის ან ცოტაოდენი სარეცხი საშუალების დამატებაც.
თუმცა, სარეცხი საშუალების შერჩევის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. პირველ რიგში საჭიროა შეამოწმოთ მისი რეაქცია ფანჯრის მცირე მონაკვეთზე, დაელოდოთ მცირე ხნის განმავლობაში და შემდეგ დაამუშავოთ ფანჯრის მთელი ზედაპირი.
არ შეიძლება სარეცხი საშუალებებში არ უნდა იყოს აბრაზიული (წვრილმარცვლოვანი ან ფხვნილისებრი) ნივთიერებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის კორპუსზე დარჩება მიკრონაკაწრების კვალი, რომელიც შესაძლოა მაშინვე ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ მათში ჩაჯდება მტვერი და ჭუჭყი, რაც ფანჯრის იერსახეს საგრძნობლად დააზიანებს.
შესაძლებელია ხალხური რეცეპტების გამოყენებაც - მაგალითად წყალში ჩაუმატოთ ლიმონის წვენი ან წყალბადის ზეჟანგი.
შეიძლება გახეხოთ და წყალში ჩაუმატოთ საყოფაცხოვრებო საპონი (მათეთრებელი ეფექტის გარეშე). მიღებული ფაფისმაგვარი მასა კი გამოიყენოთ პოფილებისა ჩარჩოების ზედაპირის გასაწმენდად.
ზემოთ ჩამოთვლილი ოჯახური საშუალებები შეიძლება არ იყოს ისე ეფექტური, როგორც ქიმიური სარეცხი საშუალებები, თუმცა თუ კარ-ფანჯარა არ არის ღრმად დაბინძურებული და ეს დაბინძურება არ არის ძალიან ძველი, ისინი მალე დაუბრუნებენ კონსტრუქციას პირველად იერ-სახეს.
პროფილების მოვლა
მეტალოპლასტმასის ფანჯრის და პროფილების გაწმენდის პროცედურა გულისხმობს სპეციალური გამწმენდი საშუალებების გამოყენებას.
გამწმენდი სითხე პროფილზე უნდა დაიტანოთ სპეციალური რბილი ქსოვილით, შემდეგ კი დააცადოთ გაშრობა. გაშრობის შემდეგ უნდა მოხდეს მისი წყალში დასველებული და კარგად გაწურული ნოტიო ქსოვილით კარგად გაწმენდა.
თუ პროფილის ზედაპირი ძლიერ დაბინძურებულია და მასზე აღინიშნება დამცავი ლენტისგან დარჩენილი წებოს კვალი, ნუ გამოიყენებთ მის მოსაშორებლად მავთულის ღრუბელს ან დანას. ამისთვის საკმარისია წყალში გახსნათ მცირეოდენი სარეცხი ფხვნილი გამათეთრებელი ეფექტით იმ შეფარდებით, რომ მიიღოთ ფაფოვანი მასა.
შემდეგ დაიტანეთ ეს მასა პროფილის პრობლემურ ადგილებზე, დააცადეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამორეცხეთ თბილი საპნიანი წყლით. შედგეად მოშორდება როგორც ლენტის კვალი, ასევე სხვა ძლიერი დაბინძურების ნიშნები.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პროფილების გასაწმენდად აბრაზივის და გამხსნელების შემცველი საშუალებების გამოყენება. თუ მწარმოებლის მიერ მოწოდებული სპეციალური საშუალებები არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი ფხვნილი ან საპნიანი ხსნარი (იხილეთ ზემოთ).
გაწმენდის შემდეგ, საჭიროა პროფილის ზედაპირ გაშრობა. რათა პროცედურის დასრულების სემდეგ იგი იყოს აბსოლიტურად მშრალ მდგომარეობაში. ეს სეიძლება მოხდეს სუფთა ნატურალური ქსოვილით ან რბილი ღრუბლით.
შეიძლება გაშრობა მოხდეს ბუნებრივი გზითაც, ანუ დატოვოთ და მისი ზედაპირი გაშრეს ქსოვილის და ღრუბლის გარეშე, ჰაერთან შეხებით. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირი არაა ძლიერ გაჭუჭყიანებული და არ არსებობს რისკი, რომ პროფილზე დარჩეს სარეცხი საშუალებების კვალი.
პროფილების გაწმენდის დროს, არ უნდა დაგავიწყდეთ ფანჯრის რაფა და ფერდოები (ატკოსები), რომლებიც ფანჯრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. უნდა მოხდეს მათი იგივე წესით გაწმენდა და გაშრობა. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი იგივე, ან მიახლოებული მასალებისგან არის დამზადებული.
იმისათვის, რომ არ მოხდეს ნესტის დაგროვება აუცილებელია, რომ არ დაგავიწყდეთ წყალგამტარი დრენაჟის ღრუების ამოსუფთავება და ამოწმენდა.
თუ დაბინძურება მნიშვნელოვანი არ არის, შეეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ საპნიანი ხსნარი და არა ქლორი და სხვა მათეთრებელი ნივთიერებები, რადგან შეიძლება პირველ 2-3 ჯერზე მიიღოთ შედეგი, თუმცა შემდგომში პლასტმასი გაყვითლდება, ამ სიყვითლის მოცილება კი შემდგომში შეუძლებელია.
და ზოგადად, თუ ფანჯრები განთავსებულია ისეთ ადგილზე, რომ მას ძლიერი დაბინძურება არ ემუქრება, საკმარისია მისი უბრალო, გამდინარე წყალში დასველებული ნოტიო ქსოვილით რეგულარული გაწმენდა, „გენერალური“ წმენდა კი ჩაატაროთ წელიწადში ერთხელ (თუმცა ეს რეკომენდაცია არ ეხება რაფებს, იგი უნდა გაწმინდოს იმდენჯერ, რამდენსაც მოითხოვს მისი ექსპლუატაციის დონე).
მნიშვნელოვანია! - შეცდომაა, როცა მომხმარებელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ აშორებს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას დამცავ ჭრელ ლენტებს (რომელზეც უმეტეს შემთხვევაში მწარმოებელი ფირმის სახელწოდება და რეკვიზიტებია დატანილი).
ამ შემთხვევაში, ხდება წებაოვანი მასის პროფილის ზედაპირში ისე ღრმად ჩაჯდომა, რომ შემდეგ მისი მოცილება სპეციალური გამწმენდი საშუალებებისა და დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.
ამიტომ, კარ-ფანჯრის მონტაჟის და სალესი სამუშაოების დამთავრებისთანავე, როცა აღარ იარსებებს პროფილის ზედაპირის დაზიანების რისკი, რეკომენდებულია დამცავი ლენტების მაშინვე მოცილება. ამ ეტაპზე ეს ძალიან ადვილია და გიხსნით მომავალი დიკომფორტისგან.
მინაპაკეტების მოვლა
პროცესი ითვალისწინებს მინაპაკეტის დაცვას ნაპრალებისგან, ნაკაწრებისგან დარტყმისგან და სხვა სახის ზემოქმედებისგან.
მინაპაკეტების გაწმენდა/გარეცხვა ხდება ჩვეულებრივი სარეცხი საშულებებით, რომლებიც არ შეიცავენ აგრესიულ ქიმიურ ელემენტებს, მათ შორის გამხსნელებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალოდ საპნიანი ხსნარი.
არ არის რეკომენდებული მინაპაკეტების გაწმენდა მყარი ან უხეში ღრუბელითა და ქსოვილით, ასევე მჭრელი საგნებით. კარგია რბილი ქსოვილის ტილო ან სპეციალური მასალის ტილო - მიკროფიბრა.
მინაპაკეტის გაწმენდა უნდა მოხდეს ზემოდან ქვემოთ. პროცედურის თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც პროფილების გაწმენდის შემთხვევაში - საპნიანი წყალი - გაწმენდა და გაშრობა.
გაწმენდის შემდეგ, აუცილებელია მინაპაკეტების გამშრალება რბილი ნატურალური ნაჭრით ან რბილი ღრუბლით. ამ მიზნისთვის არ არის რეკომენდებული სინთეტიკური ან ბამბის ქსოვილები, რადგან ისინი აუცილებლად დატოვებს მინაზე კვალს. გარდა ამისა მინაზე დარჩება ქსოვილის ბოჭკოებიც.
ზოგიერთ დიასახლისს აინტერესებს - შეიძლება თუ არა მეტალოპლასტმასის ფანჯრების - კერზოდ მინაპაკეტების გაწმენდა სარეცხი საშუალებების გარეშე. რა თქმა უნდა შესაძლებელია, უბრალოდ უნდა დაუმატოთ თბილ წყალში მცირე რაოდენობით ნიშადურის სპირტი. სამაგიეროდ აღარ დაგჭირდებათ მინიდან საპნის ან სარეცხი საშუალებების ნარჩენების მოცილება, მინა კი გახდება ბზინვარე.
იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ტონირებული მინაპაკეტი, მისი გაწმენდის დროს არ ინერვიულოთ, რომ შესაძლოა დააზიანოთ მინის ტონირება, მწარმოებლებს ის ფანჯრის შიდა მხარეს აქვთ დამინტაჟებული.
ზოგჯერ, მწარმოებლებს მოხმარებლის სურვილით გაფორმებული აქვს მინაპაკეტი ვიტრაჟული სურათებით, ამ შემთხვევაში, უნდა დაზუსტდეს მწარმოებელთან შესაძლებელია თუ არა ასეთი მინის გასაწმენდად გამოყენებული იქნას „წყლის პროცედურები“.
გაითვალისწინეთ!
• მინაპაკეტის გასაწმენდი საპნიანი სითხის მომზადების დროს, უმჯობესია გამოიყენოთ არა თხევადი საპონი, არამედ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ხოლო ნიშადურის სპირტის ნაცვლად - ძმარი - პროპორციით - 1 ნაწილი ძმარი - 10 ნაწილ წყალთან.
• განსაკუთრებით გულდასმით გაწმინდეთ მინაპაკეტის კუთხეები - ანუ ის მონაკვეთები, სადაც მინა პროფილშია ჩასმული. სწორედ ამ ადგილებში გროვდება ყველაზე მეტი მტვერი და ჭუჭყი.
• არ ღირს მინაპაკეტებზე ან პროფილებზე მტვრის ან ჭუჭყის დანახვისთანავე დაიწყოთ მინების გენერალური რეცხვა. საქმე იმაშია, რომ აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემო პირობებიც. მინების გაწმენდა რეკომენდებულია ღრუბლიან ამინდში, რადგან მზის სხივები მომენტალურად აშრობს მინაპაკეტს და პროფილის პლასტმასს, ამიტომ სარეცხი საშუალებები შეაშრება მინას და პლასტმასს დატოვებს არასასიამოვნო კვალს.
• რეცხვა და წმენდა განახორცილეთ გულდასმით გაწურული ტილოთი ან ღრუბლით, რადგან ზედმეტი წყალი დატოვებს ნაკადისა და სარეცხი საშუალებების კვალს, რომლის მოცილებაც შემდგომ საკმაოდ პრობლემატურია.
• ხშირი გაჭუჭყიანებისგან დასაცავად, მინაპაკეტზე შეიძლება წაუსვათ შემდეგი ხსნარი - ერთმანეთში შერეული - ორი სუფრის კოვზი გლიცერინი, ერთი სუფრის კოვზი წყალი და რამდენიმე წვეთი ნიშადური სპირტი. ეს ხსნარი მინაზე წარმოქმნის უხილავ დამცავ შრეს.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და მინაპაკეტების დროული და სწორი მოვლა არის გარანტია, რომ პაკეტი გემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში ისე, რომ შენარჩუნებული ექნება პირველადი იერ-სახე.
ფურნიტურის მოვლა
ფურნიტურა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების გამართულად მუშაობის მთავარი შემადგენელი ნაწილია.
ფურნიტურაში შემავალი მექანიზმები განიცდიან ყოველდღიურ დატვირთვას და შესაბამისად ითხოვენ განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება კონსტრუქციის გამართულად მუშაობას.
ექსპლუატაციის პროცესში, ბევრია ქუჩიდან შემოსული მტვერი, რომელიც დროთა განმავლობაში ჭუჭყად გადაიქცევა, რაც ზრდის ცვეთის პროცესს და ფურნიტურის მოძრავი დეტალების ხახუნს.
შედეგად, შესაძლებელია ფანჯრის ან კარის სახელური გაიჭედოს, ან მის მოსაბრუნებლად საჭირო გახდეს მეტი ძალა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს მექანიზმი და კიდევ უარესი - თავად სახელური.
ფურნიტურის მოვლა არ არის რთული, საკმარისი პერიოდულად (მინიმუმ წელიწადში ორჯერ) საკეტების, ანჯამების და გასაღებ-გადმოსაღები, გასაწევი კარების ან ფანჯრის მოძრავი გორგოლაჭების, ან სხვა სახის მოძრავი თუ უძრავი მექანიზმების დაზეთვა.
დაზეთვა უმეტეს შემთხვევაში შეძლება მოხდეს როგორც მწარმოებლის მიერ მოწოდებული სპეციალური მოვლის საშუალებებით, ასევე ჩვეულებრივი მანქანის ზეთით ან ტექნიკური ვაზელინით. შესაძლებელია WD-40 და სილიკონის საპოხი საშუალებით გაპოხვაც (ამ საკითხს ქვემოთ დეტალურად შევეხებით).
საჭიროა თითეულ დეტალზე მოხვდეს არაუმეტეს ორი წვეთი ზეთი. დაზეთვის პროცესში მუდმივად ამოძრავეთ კარ-ფანჯრის სახელური (თითქოს აღებთ და კეტავთ ფანჯარას), ამგვარად ზეთი თანაბრად გადანაწილდეს ყველა დეტალის ზედაპირზე.
აუცილებელია ანალოგიურად გაიწმინდოს და დაიზეთოს მეტალოპლასტმასისი კონსტრუქციაში შემავალი მეტალის ყველა დეტალი და ჭანჭიკი, შემოწმდეს და თუ მოშვებულია, დამაგრდეს.
რეზინების (მამკვრივებლების) მოვლა
რეზინები წარმოადგენს ელასტიურ გამასქელებელს (მამკვრივებელს), რომელიც განთავსებულია ფანჯრის და კარების ჩარჩოს მთელს პერიმეტრზე ჩარჩოსა და საგდულს შორის. იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ჰერმეტულობაში.
სწორედ ის არის პასუხისმგებელი, რომ შენობაში ზამთარში არ შეუშვას ცივი ჰაერი, ზაფხულში მტვერი და უზრუნველყოს ხმაურის იზოლაცია.
ფაქტია, რომ ყოველდღიურად ყველაზე მეტი ძალა, მეტალოპლასტმასების ექსპლუატაციის დროს ადგება სწორედ რეზინებს - მისი შეკუმშვა-გაშლის თვალსაზრისით.
ფაქტია, რომ რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს რეზინის მამკვრივებელი, ადრე თუ გვიან იგი გაცვთება. იმისთვის, რომ შემცირდეს რეზინის მამკვრივებლების ცვეთა, მწარმოებლები, ჯერ კიდევ წარმოების პროცესში, მის ზედაპირს ფარავენ დამცავი საშუალებებით, რომელიც გარს ეკვრის რეზინის მამკვრივებელს უხილავი ლენტის სახით.
იმისთვის, რომ განახლდეს დამცავი შრე და რეზინი დარბილდეს, პერიოდულად საჭიროა რეზინების დაზეთვა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კი (როცა რეზინები გამაგრებულია და სრულიად დაკარგული აქვს ელასტიურობა) რეკომენდებულია მისი შეცვლა.
რითი უნდა გაიპოხოს რეზინები? - რეზინის საპოხი საშუალებების ძირითადი ამოცანაა - დაიცვას იგი ნესტისა და სიცივის ზემოქმედებისგან.
ამ ამოცანას შეიძლება ბევრი საშუალება გაუმკლავდეს, თუმცა მთავარია გახსოვდეთ, რომ მათ შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს სპირტი, ტუტე ან გამხსნელი ნივთიერებები.
წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება რეზინის სტრუქტურის დარღვევა, რაც მათი ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.
მამკვრივებელი რეზინების გაპოხვა რა თქმა უნდა უმჯობესია სპეციალური საპოხი საშუალებით, რომელიც შედის მეტალოპლასტმასის მოვლისთვის განკუთვნილ სპეციალურ კომპლექტებში.
მაგალითად, Fenosol - ის ფირმას აქვს რეზინების მოვლის სპეციალური საშუალება სახელწოდებით - Fenoflex, რომელიც არა მხოლოდ იცავს რეზინებს გარე ფაქტორების ზემოქმეედბისგან, არამედ ამცირებს მათ ცვეთას 20-25%-ით.
ყველა ასეთი პროფესიონალური საშუალება არატოქსიკურია, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და არ აზიანებს პლასტმასისა და რეზინების სტრუქტურას.
მაგრამ, თუ მწარმოებლის მიერ მოწოდებული საპოხი საშუალებები ამა თუ იმ მიზეზით თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, არსებობს სხვა ალტერნატიული ვარიანტები:
WD-40 - ყველაზე ცნობილი და პოპულარული საშუალებაა იმ ნივთიერებებს შორის, რომელთა საშუალებითაც შეიძლება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის რეზინების გაპოხვა.
WD-40-ის საფუძველს წარმოადგენს მინერალური ზეთი, რომელიც ფარავს ზედაპირს ჰიდროიზოლაციური ლენტით. მის შემადგენლობაშია ჩვეულებრივი ნახშირწყალბადები, რომლებიც ამცირებს პროდუქტის სიბლანტეს.
WD-40-ის შეძენა შეიძლება სპეციალიზირებულ მაღაზიებში. იგი იყიდება აეროზოლის სახით, კომპლექტში შედის მცირე ზომის მილიც, რომელიც უზრუნველყოფს საპოხი საშუალების წერტილოვან განაწილებას რეზინის ზედაპირზე, რაც მის მოხმარებას უფრო კომფორტულს ხდის.
სახლის პირობებში - თუ თქვენთვის ეს მასალებიც არ არის ხელმისაწვდომი, სახლის პირობებში რეზინების გასაპოხად გამოდგება ისეთი ელემენტალური, არაპროფესონალური საპოხი საშუალებები, როგორიცაა - გლიცერინი და ვაზელინი.
სილიკონის საპოხი საშუალება - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხელმისწვდომი საშუალებაა რეზინების გასაპოხად და ზოგადად - მოსავლელად.
მას აქვს მცირე სიბლანტე, წასმა ხდება თანაბარ ფენად. სილიკონის საპოხი თერმოგაძლეა, იგი იცავს რეზინებს ნესტის დამღუპველი ზემოქმედებისგან და აფერხებს მათ ცვეთას.
სილიკონს არ გააჩნია სუნი და ფერი, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ფერის რეზინის გასაპოხად.
სილიკონს საპოხის შეძენა შესაძლებელია სპეციალიზირებულ სამეურნეო მაღაზიებში, იგი მოთავსებულია მცირე ზომის რბილ ტუბებში.
გლიცერინი - წარმოადგენს უფერო სითხეს. ძირითადად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და ხალხურ მედიცინაში.
ქიმიკოსები გლიცერინს მიაკუთვნებენ სპირტის ჯგუფს, თუმცა მის ჯგუფში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან განსხვავებით, იგი საფრთხეს არ წარმოადგენს არც რეზინისთვის და არც პოლივინილქლორიდისთვის.
გლიცერინი არბილებს რეზინს, ხდის მას უფრო ელასტიურს და ფარავს უხილავი ფენით.
გლიცერინის უარყოფითი თვისებაა ის, რომ იგი მარტივად იხსნება წყალში, რის გამოც გააჩნია ჰიდროიზოლაციის დაბალი დონე.
ვაზელინი - ვაზელინი ფარავს რეზინის ზედაპირს სქელი გამჭვირვალე ფენით. იგი შესანიშნავად არბილებს რეზინს, ხდის მას უფრო მოქნილს და დამყოლს.
ვაზელინი არ იხსნება წყალში, რის გამოც იგი კარგად იცავს რეზინებს ტენიანი ჰაერისა და ნალექისგან.
ვაზელინი კარგად უძლება ყინვას - -25 გრადუსამდე, თუმცა ორთქლდება მაღალ ტემპერატურებზე - 27 გრადუსიდან. ამიტომ, ვაზელინის დამცავი შრე კარგად მოქმედებს მხოლოდ ამ ტემპერატურების ფარგლებში. უფრო ნაკლებ, ან უფრო მეტ ტემპერატურაზე ვაზელინის დამცავი შრე ძლებს ძალიან მცირე დროის განმავლობაში.
რა თქმა უნდა, ვაზელინი არ არის იდეალური საშუალება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის რეზინების მოვლის თვალსაზრისით, თუმცა იგი უკეთესია, ვიდრე ისეთი საეჭვო საშუალებები, რომლებიც შესაძლოა დამზადებული იყოს სპირტის, ან რომელიმე გამხსნელის ბაზაზე.
როგორ გავპოხოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის რეზინები (მამკვრივებლები) - უპირველეს ყოვლისა უნდა ავღნიშნოთ, რომ გაპოხვა რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ - ზამთრის და ზაფხულის სეზონის წინ.
პირველ რიგში რეზინები უნდა გაიწმინდოს თბილ, საპნიან წყალში დასველებული რბილი ნაჭრით ან ღრუბელით, შედეგ კი კარგად გამშრალდეს.
საპოხი მასალა უნდა წაუსვათ რეზინის მთელ გარე ზედაპირზე. ყველაზე მარტივი წასასმელია WD-40 - უბრალოდ აეროზოლის საშუალებით უნდა მიასხუროთ რეზინის მთელს სიგრძეზე.
თუ გაპოხვა კრემისმაგვარი საშუალებებით უნდა მოხდეს (სილიკონის საპოხი, ვაზელინი) - საჭიროა მცირე ზომის რბილი ფუნჯი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეზინის მთელს ზედაპირზე საპოხის განაწილება (თუ ფუნჯი არ გაქვთ. შეიძლება ხელით წასმაც).
თხევადი საშუალებების გამოყენებს შემთხვევაში (გლიცერინი), საჭიროა ბამბის ტამპონები.
მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის რეზინების გასაპოხად საჭიროა სულ რაღაც 10-15 წუთი - მეტი ან ნაკლები (გააჩნია რაოდენობას), რის შემდეგაც საგდულები მაშინევ უნდა დაიხუროს.