ნაადრევი მშობიარობის მიზეზები
ორსულობის ვადების მიხედვით, ნაადრევი მშობიარობა იყოფა სამ ჯგუფად:
1. ძალიან ადრეული - ნაადრევი მშობიარობა ხდება 22-27-ე კვირებში.
(როცა ნაყოფის მასა შედგენს 500-1000 გრამს);
2. ადრეული - ნაადრევი მშობიარობა ხდება 28-33-ე კვირებში.
(როცა ნაყოფის მასა შეადგენს 1000-2000 გრამს);
3. გვიანი - ნაადრევი მშობიარობა ხდება 34-37-ე კვირებში.
(როცა ნაყოფის მასა დაახლოებით 2500 გრამია);
ნაადრევი მშობიარობის მიზეზები შეიძლება იყოს:
• საშვილოსნოს განვითარების მანკები (მაგალითად გაორებული საშვილოსნო, უნაგირისებრი და ორრქიანი საშვილოსნო);
• ძალიან დიდი საშვილოსნო მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს;
• ჭარბწყლიანობა;
• ტოქსიკოზი/პრეეკლამფსია;
• პლაცენტის აშრევება;
• პლაცენტის წინამდებარეობა;
• სანაყოფე გარსის ნაადრევი დარღვევა;
• საშვილოსნოს ყელის უკმარისობა;
• ნაყოფის განვითარების მანკები;
• ნაყოფის დაღუპვა;
• ჩატოვებული საშვილოსნოს შიდა სპირალი;
• გადატანილი (ორი და მეტი) აბორტი;
• დედის სერიოზული დაავადებები (მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა);
• ორსულობა 16 წლამდე და 35 წლის შემდეგ;
• ჰესტაციური ასაკის (გესტაციური ასაკი) არასწორი განსაზღვრა;
• მძიმე შრომა,
• არასწორი ცხოვრების წესი (ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები);
• და სხვა;
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ნაადრევი მშობიარობის მიზეზი შეიძლება იყოს მთელი რიგი ინფექციები.
საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი ანთებითი პროცესის გამო საშვილოსნო შეიძლება გახდეს არასრულფასოვანი, ამიტომ ორსულობა გრძელდება მანამდე, სანამ საშვილოსნოს კედელი ელასტიურია და შეუძლია გაიწელოს. ამის შემდეგ ორგანიზმი ცდილობს გარეთ გამოაძევოს ნაყოფი.
ამიტომ არ ღირს დროის, ძალისხმევისა და ფინანსების დაზოგვა, როცა საქმე ეხება გამოკვლევების ჩატარებას რაიმე სახის ინფექციის გამოვლენის მიზნით.
იდეალში კი უმჯობესია თითეულმა მომავალმა დედა ორსულობამდე ჩაიტაროს გამოკვლევები გინეკოლოგთან, ან ვიწრო სპეციალისტებთან პოტენციური რისკის ფაქტორების გამოსარიცხად.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანი გამოკვლევები ინფექციური დაავადებების არსებობაზე. განსაკუთრებით ისეთ ინფექციებზე, რომლებიც მიმდინარობს უსიმპტომოდ: ქლამიდიური, ურეაპლაზმური, მიკოპლაზმური, ტოქსოპლაზმური ინფექციები. აგრეთვე მარტივი ჰერპესის ვირუსის, ციტომეგალოვირუსის არსებობის შემთხვევაში.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ქალები, რომელთა ანამნეზში (ავადმყოფობის ისტორია) არსებობს:
• სექსუალური ინფანტილიზმი (სექსუალური განვითარების შეფერხება);
• მენსტრუაციული ციკლის დარღვევები;
• საშვილოსნოს დანამატების (საშვილოსნოს მილები და საკვერცხეები) ქრონიკული ან მწვავე ანთებები;
• ენდომეტრიოზი ( საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება);
• აბორტი/აბორტები;
• დიაგნოსტიკური ამოფხეკა;
• ორსულობის თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევები.
• ენდოკრინოპათია (შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლა);
• Rh უარყოფითი სისხლის ჯგუფი;
• ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (ხელოვნური განაყოფიერება - IVF);
ამგვარი ინფექციების და სხვა პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობა ბავშვის ჩასახვამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები (ჩვენს შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობა).
თუ ორსულობამდე გარკვეული მიზეზების გამო ანალიზები არ იქნა გაკეთებული, ორსულობის დიაგნოზის დასმის შემდეგ საჭიროა აუცილებელი სამედიცინო შემოწმების გავლა (და შემდგომშიც რეგულარული კონტროლი).
რაც უფრო ადრე იქნება გამოვლენილი ქალის ორგანზმში მიკრობები, რომელთაც შეუძლიათ ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა ან ნაყოფისთვის ზიანის მიყენება, მით უფრო ადვილად მოხდება მათი გაუვნებელყოფა.
ასევე რეკომენდებულია საშვილოსნოს ყელის დეფექტების მკურნალობა ორსულობამდე, რათა შემდგომში არ შეიქმნას რაიმე სახის პრობლემები.
თანამედროვე მედიცინა ფლობს ისეთი საშუალებების მნიშვნელოვან არსენალს, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის დაინფიცირების რისკი.
უცნობი მიზეზები
არის შემთხვევები, როცა ნაადრევი მშობიარობის მიზეზების დადგენა შეუძლებელია და იგი უცნობი რჩება.
ზოგიერთ ორსულს, ნაადრევი სამშობიარო მოქმედება ეწყება „ჩუმად“, ისეთი აღიარებული და შემაშფოთებელი სიმტომების გარეშე, როგორიცაა - წინასამშობიარო შეტევები, სისხლდენა, სანაყოფე გარსის დარღვევა, ტკივილი ზურგის გარეშე და გახშირებული შეტევებიც კი.
აქედან გამომდინარე, შეუძლებელია განისაზღვროს რა ზომების მიღებაა საჭირო, რომ მოხდეს ნაადრევი მშობიარობის შეჩერება.
იმისათვის, რომ ნაადრევი მშობიარობა თავიდან იქნას აცილებული, ძალიან მნიშვნელოვანია დადგენილი იქნას მისი ზუსტი მიზეზი, რათა მკურნალმა ექიმმა შეარჩიოს სწორი ტაქტიკა და განსაზღვროს:
»» სწორად არის თუ არა გამოთვლილი ორსულობის ვადები;
»» ნამდვილად აქვს თუ არა ადგილი ნაადრევ მშობიარობას;
»» გაგრძელდეს ორსულობა თუ საჭიროა ნაადრევი მშობიარობა;
ამიტომ, მცირე ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც კი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაადრევ მშობიარობას, საჭიროა დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტი და მისი საქმის ყურში ჩაყენება.
ექიმ-გინეკოლოგის ხშირი კონტროლის შემთხვევაში, პრობლემების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ნაადრევი მშობიარობის სიმპტომები
ნაადრევ მშობიარობად სპეციალისტები მიიჩნევენ მშობიარობას 28-დან 37 კვირამდე.
თუმცა, შეტევებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნებისმიერ პერიოდში - 22-დან 37 კვირის ჩათვლით.
ასეთი შეტევები შეიძლება იყოს ხანმოკლე, შეიძლება გახშირდეს, გაგრძელდეს შეუჩერებლად, ჰქონდეს რეგულარული ხასიათი და გამოიწვიოს დიდი დისკომფორტი.
თუ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ შეამჩნევთ უჩვეულო სიმტომებს, სასწრაფოდ საჭიროა ექიმ-გინეკოლგთან ვიზიტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რისი გაკეთებაა საჭირო.
ნაადრევი მშობიარობის ძირითადი სიმტომებია:
• სპაზმები და გაჭიანურებული ტკივილები მუცლის ქვემოთ, რომელიც ძალიან წააგავს მენსტრუაციის ტკივილებს;
• სიმძიმე მუცლის ქვემოთ, როცა გეჩვენებათ, რომ შარდის ბუშტსა და საშვილოსნოს რაღაც ძლიერ აწვება;
• გაძლიერებული ვაგინალური გამონადენი;
• შეტევისმაგვარი ტკივილები, რომელიც გრძელდება 30 წამზე მეტი (მხოლოდ ნუ შეგეშლებათ ცრუ სამშობიარო შეტევებში, როცა ადგილი ქვს საშვილოსნოს შესამჩნევ, მაგრამ არარეგულარულ შეკუმშვას);
• გამჭვირვალე, მოვარდისფრო, მოყავისფერო ან სისხლოვანი გამონადენი საშოდან;
• ვეღარ გრძნობთ ნაყოფის მოძრაობას;
ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შესაძლოა შემოგთავაზოთ ჰოსპიტალიზაცია სამშობიარო სახლში.
პანიკა საჭიროა არ არის, რადგან ექიმებს უმეტეს შემთხვევაში შეუძლიათ შეაჩერონ სამშობიარო მოქმედება წოლითი რეჟიმის, პრეპარატების, ფსიქოთერაპიის, საშვილოსნოს ელექტრო რელაქსატორის, ნემსით რეფლექსო თერაპიის (აკუპუნქტურა) და ა.შ... საშუალებით (იხილეთ ქვემოთ).
ცრუ სამშობიარო შეტევები - წინა კვირების მიმოხილვაში (შემდეგშიც) ავღნიშნეთ, რომ მე-3 ტრიმესტრში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ სამშობიარო შეტევებს (მეცნიერულად - ბრეკსტონ-ჰიკსის შეტევები).
ცრუ სამშობიარო შეტევების სიმტომები განსხვავდება ნაადრევი მშობიარობის სიმტომებისგან სიხშირით, ძალით და ხანგრძლივობით.
ცრუ სამშობიარო შეტევები შეიძლება იგრძნობოდეს, როგორც საშვილოსნოს საერთო დაჭიმულობა - თითქოს საშვილოსნო იკუმშება ბურთივით, ან თითქოსდა ბავშვი გადაბრუნდა მუცლის შიგნით.
ჩვეულებრივ, ცრუ სამშობიარო შეტევები უმტკივნეულოა და თითქმის არასდროს გრძელდება ერთ საათზე მეტი.
მიუხედავად იმისა, რომ ცრუ სამშობიარო შეტევები აქვს ყველა ორსულს, მას შეიძლება ყველანი ვერ გრძნობდნენ, განსაკუთრებით პირველი ორსულობის დროს.
ამიტომ, არ ღირს ნერვიულობა ამგვარი შეტევების შემთხვევაში, რადგან ეს არ არის ნაადრევი მშობიარობის სიმტომი, უბრალოდ საშვილოსნო იზრდება, იწელება და „ვარჯიშდება“ ბავშვის დაბადების წინ, რაც ბუნებრივია და მიიჩნევა ნორმად.
ორსული ქალების დაახლოებით 10%-ს ემართება ნაადრევი მშობიარობისთვის დამახასიათებელი შეტევები, რომელიც სამშობიარო შეტევებისგან განსხვავებით ნამდვილ შეტევებს წარმოადგენს და ნიშნავს, რომ მშობიარობა დაიწყო ნაყოფის არასაკმარისად მომწიფებამდე.
ნაადრევი მშობიარობის დიაგნოსტიკა
ნაადრევი მშობიარობის ფაქტის დასადასტურებლად და მისი სტადიის გამოსავლენად მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს საშვილოსნოს ყელისა და სანაყოფე გარსის მდგომარეობის შეფასება.
საშოს გამოკვლევა და საშვილოსნოს ყელის დათვალიერება ხდება სარკეებით, საშვილოსნოს პირის გახსნის ხარისხის დასადგენად და საშვილოსნოს ყელის სიგრძისა და კონსისტენციის განსასაზღვრად.
თუ ორსულს ნაადრევი მშობიარობა ემუქრება, გამოკვლევების საშუალებით ვლინდება - არის თუ არა საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა უცვლელი და საშვილოსნოს შიდა პირი გახსნილი.
მშობიარობის დაწყების წინ, საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, ხოლო საშვილოსნოს პირი გახსნილია 1-2 სმ-ით.
უკვე დაწყებული მშობიარობის დროს კი საშვილოსნოს ყელი გასწორებულია და საშვილოსნოს პირი გახსნილია 2-4 სმ-ით.
გინეკოლოგიური გამოკვლევები აუცილებლად უნდა განმეორდეს 30-60 წუთიან დინამიკაში.
უროგენიტალური ინფექციებისა და ფარული ბაქტერიურიას გამოსარიცხად, კეთდება საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის დათესვა პათოგენებზე (სტაფილოკოკი, ქლამიდია, ურეაპლაზმა, გონოკოკი), ტარდება შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით ზუსტდება გესტაციური ასაკი, ნაყოფის სავარაუდო მასა, მისი მდგომარეობა და წინამდებარეობა, სანაყოფე გარსის მთლიანობა, პლაცენტის მდგომარეობა და ლოკალიზაცია, პლაცენტის წინამდებარეობა.
ნაადრევი მშობიარობს დროს, ნაყოფის აუსკულტაცია (მოსმენა) და გულისცემის ინსტრუმენტალური რეგისტრაცია (ფონოკარდიოგრაფია, კარდიოტოკოგრაფია) საჭიროა ჰიპოქსიის ნიშნების გამოსავლენად.
დამატებით, მეან-გინეკოლოგიური სტატუსის განსაზღვრისთვის, გამოიყენება ბაუმგარტენის ტოკოლიზის ინდექსი, რომელიც გამოითვლება იმ ქულათა ჯამით, რომელიც მიიღება რიგი ობიექტური პარამეტრების შეფასებით (სამშობიარო შეტევების არსებობა, სანაყოფე გარსის დარღვევა, სისხლდენა, საშვილოსნოს ყელის გახსნა).
ამასთან, რაც უფრო ნაკლებია ქულების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებად ეფექტური შეიძლება იყოს ტოკოლიტური თერაპია.
ზოგიერთ შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის ძალიან ნელი გახსნის დროს, საჭირო ხდება ნაადრევი მშობიარობის დიფერენცირება საშარდე გზებისა და მუცლის ღრუს ორგანოების პათოლოგიებთან: პიელონეფრიტი, ცისტიტი, შარდქვოვანი დაავადება, გასტროენტერიტი, სპასტიკური კოლიტი, მწვავე აპენდიციტი.
მშობიარობა თუ მოცდა?
ამგვარად, ნაადრევი მშობიარობის ნიშნების შემთხვევაში და სამშობიარო სახლში მოხვედრის შემდეგ, თუ სანაყოფე გარსი დარღვეული არ არის, თქვენ სავარაუდოდ ჩაგიტარდებათ:
• ულტრაბგერითი გამოკვლევა (რომელიც აჩვენებს ნაყოფის მდგომარეობას და საშვილოსნოს ტონუსს);
• საშოს გამოკვლევა საშვილოსნოს ყელის გახსნის მაჩვენებელზე;
• სისხლის ანალიზი ტესტოსტერონზე;
• სისხლის ანალიზი ინფექციებზე (წითურა, ტოქსოპლაზმოზი, ჰერპესი, ციტომეგალია);
• სისხლის და ნაცხის ანალიზი: ქლამიდიაზე, მიკოპლაზმაზე, ურეაპლაზმაზე;
მიღებული ანალიზების პასუხებზე დაყრდნობით, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ნაადრევი მშობიარობის შეჩერების მეთოდის, ან შეჩერების მიზანშეწონილობის შესახებ.
ეს მეთოდები შეიძლება იყოს სხვადასხვა: ტოკოლიტიკები, აბები და სანთლები ინდომეტაცინით, ფსიქოთერაპია, საშვილოსნოს ელექტრო რელაქსატორი, ნემსით რეფლექსო თერაპია (აკუპუნქტურა) და სხვა...
უფრო სავარაუდოა და უმეტეს შემთხვევებში ასეც ხდება, რომ ექიმი გაგიშვებთ სახლში, დაგინიშნავთ წოლით რეჟიმს და დამამშვიდებელ პრეპარატებს, სპაზმოლიტიკებს, აუცილებლობის შეთხვევაში ჰორმონებს.
აუცილებლად გათვალისწინეთ, რომ სექსუალური ურთიერთობისგან ამ პერიოდში თავის შეკავებაა საჭირო. იხილეთ:
ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო) |
თუ ორსულობის 28-ე კვირამდე გაქვთ ისთმიკო-ცერვიკალური უკმარისობა, საშვილოსნოს ყელზე დაგდებენ სპეციალურ გამჭიმ ნაკერებს, რათა შეაჩერონ მისი გახსნა და შეგინარჩუნონ ორსულობა (პროცედურა კეთდება ადგილობრივი, ძალიან ხანმოკლე ნარკოზით)
28-ე კვირის შედეგ კი ნაკერების ნაცვლად შეჰყავთ სპეციალური დამხმარე რგოლი, რომელიც ასრულებს იგივე ფუნციაას, რასაც ნაკერები და ხელს უწყობს ნაყოფის მუცელში შენარჩუნებას ისე, რომ არ ავიწროვებს საშვილოსნოს ყელს.
შესაძლოა ექიმმა ორსულობის შესანარჩუნებლად დაგტოვოთ სამშობიარო სახლში გარკვეული დროის განმავლობაში, რადგან საჭირო გახდეს თქვენი და ნაყოფის მდგომარეობაზე მუდმივი კონტროლი. ამისთვის კი აუცილებელი იყოს სტაციონარის პირობებში ყოფნა.
წოლითი რეჟიმი ამ დროს აუცილებელია! 34 კვირამდე ექიმის სავარაუდოდ დაგინიშნავთ ჰორმონალურ პრეპარატებს, რომელთაც ყოველი შემთხვევისთვის უნდა უზრუნველყონ ბავშვის ფილტვების განვითარების დაჩქარება.
ყოველთვის ცდილობენ თუ არა ექიმები ნაადრევი მშობიარობის შეჩერებას?
არა! არ ცდილობენ.
არის სიტუაციები, რომელიც ითხოვს ვადამდელ სამშობიარო მოქმედებას იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება დაემუქროს მომავალ დედას.
ასეთი საფრთხეები შეძილება იყოს:
»» გვიანი ტოქსიკოზის (ჰესტოზი) მძიმე ფორმები;
»» შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებები;
»» პლაცენტის მოულოდნელი აშრევება;
»» ნაყოფის მწვავე ჰიპოქსია;
»» და სხვა..
ასეთ შემთხვევებში, ნაადრევი მშობიარობა ერთადერთი გამოსავალია, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგეს დედისა და მომავალი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ორსულობის შენარჩუნება ასევე არ ხდება 34-ე კვირის შემდეგ წყლების დაღვრის შემთხვევაშიც. ამ დროს ექიმები ცდილობენ რბილად და ფრთხილად ამშობიარონ მომავალი დედა.
ზოგადი რჩევები ნაადრევი მშობიარობის ასაცილებლად
აქ მოყვანილია ზოგადი, ელემენტალური რჩევები, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ მომავალმა დედებმა ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად:
• თუ გაწუხებთ წყურვილის გრძნობა, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ყოველ ორ საათში, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოვანება (ამან შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს მგრძნობელობის ამაღლება).
თუ წყურვილის გრძნობა არ გაწუხებთ, ამ შემთხვევაში წყლის ნაძალადევი მიღება არ არის საჭირო. წყლის მიღების კონტროლი საჭიროა შეშუპების შემთხვევაშიც;
• სწორად იკვებეთ. მთელი ორსულობის განმავლობაში რეკომენდებულია 11.5-16 კგ-ის მომატება;
• მოერიდეთ ურთიერთობას ვირუსიან ავადმყოფებთან.
• ტუალეტში ყოფნის შემდეგ, ყოველთვის გაიწმინდეთ წინიდან უკანა მიმართულებით (და არა პირიქით), რათა არ მოხდეს ინფექციის შეტანა და გავრცელება;
• რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დაახლოებით საათში ერთხელ დაჯექით, დაისვენეთ და ფეხები ასწიეთ (ანუ შემოდევით რამეზე, მაგალითად პატარა სკამზე);
• არ ასწიოთ სიმძიმეეები და ზოგადად, მოერიდეთ ფიზიკურ სამუშაოს;
• თუ ასრულებთ რაიმე სახის ფიზიკურ სამუშაოს და ამ დროს დაგეწყოთ შეტევები, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სასწრაფოდ შეჩერდით და დაისვენეთ;
• შეეცადეთ თავიდან აირიდოთ სტრესული სიტუაციები;
• ნაადრევი მშობიარობა - შიშის მომგვრელი პერსპექტივაა, თუმცა ბევრი ორსული გრძნობს მხოლოდ ცრუ სამშობიარო შეტევებს, რომელიც აბსოლიტურად უსაფრთხოა. ამიტომ ერიდეთ სტრესს და სტრესულ სიტუაციებს.
• იყავით მუდმივად ყურადღებით, თვალყური ადევნეთ საკუთარ შეგრძნებებს და რამე უჩვეულოს შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმ-გინეკოლოგს;
• რეგულარულად ჩაიტარეთ ყველა საჭირო და რეკომენდებული გამოკვლევა, მათ შორის ანალიზები ვირუსებზე, ინფექციებზე. აგრეთვე ულტრაბგერითი გამოკვლევა, კარდიოტოკოგრაფია და ასე შემდეგ.
ნაადრევი მშობიარობის შეჩერება
რა შეიძლება გააკეთოს მომავალმა დედამ სახლის პირობებში
წოლითი რეჟიმი - ნაადრევი მშობიარობის შესაჩერებლად ან თავიდან ასაცილებლად ყველაზე მარტივი და ეფექტურია - წოლითი რეჟიმი.
დაწოლა საჭიროა გვერდულად, ამასთან არა აქვს მნიშვნელობა მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს. დაწექით იმ მხარეს, რომელზეც თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ.
ხშირად საკმარისია არ ადგეთ საწოლიდან, რათა შეჩერებული იქნას შეტევები და არ წარმოიშვას ნაადრევი მშობიარობის რისკი.
რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვერ შეძლებთ სამსახურში სიარულს და საოჯახო საქმიანობას, თუმცა სამაგიეროდ შეინარჩუნებთ ნაყოფს ორსულობის ბოლომდე და იგი დაიბადება ვადაში.
სედატიური საშუალებები (ვალერაინი, შავბალახა, დიაზეპამი) - ორსულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
სტრესული სიტუაციები იწვევს ნაადრევ მშობიარობას, ხოლო შიში ნაყოფის ჯანმრთელობის გამო - საკმაოდ მძლავრი სტრესია.
დამამშვიდებლები ხელს შეუწყობს ვითარების ნორმალიზებას.
სპაზმოლიტიკური საშუალებები (დროტავერინი, მეტაცინი, პაპავერინი);
საშვილოსნოს ელექტრო რელაქსაცია - ამპლიპულსთერაპია, ელექტროანალგეზია, აკუპუნქტურა (ნემსის ჩხვლეტით თერაპია).
ამ პერიოდში საჭიროა კვების რაციონიდან გამაღიზიანებელი, ცხარე, ცხიმიანი და რთულად მოსანელებელი პროდუქტების ამოღება.
თუ სამშობიარო შეტევები არ შეჩერდა, არ გაიარა მუცლის მწვავე ტკივილმა და ადგილი აქვს სანყოფე წყლების დაღვრას, საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
ამგვარ შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე შესაძლებელია მიიღოთ ორი აბი ნოშპა, ან თუ იღებთ პრეპარატს - გრინიპრალი (საშვილოსნოს კუნთების მომადუნებელი ადრენომიმეტურ საშუალება), დამატებით მიიღოთ კიდევ ერთი აბი.
რა შეიძლება გააკეთოს ექიმმა სტაციონარის პირობებში
თუ ნაადრევ მშობიარობას დაწყებითი ხასიათი აქვს, ექიმების მიერ დაშვებულია ორსულობის პროლონგირების (გაგრძელების) ტაქტიკა, მაგრამ თუ ნაადრევი მშობიარობა უჯვე აქტიურად მიმდინარობს, ადგილი აქვს ამნიოტური სითხის დაღვრას, სახეზეა ინფექციების ან მძიმე ექტრაგენიტალური დაავადების ნიშნები, ექიმები მიმართავენ აქტიურ სამშობიარო მოქმედებას.
სტაციონალურ პირობებში, ექიმი პირველ რიგში დააკვირდება თქვენს მდგომარეობას და კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს შესაბამის ზომებს. აქედან გამომდინარე მოხდება შემდგომი მოქმედების ტაქტიკის არჩევაც.
როგორც წესი, სტაციონარში პირველ რიგში ცდილობენ ორსულობის შენარჩუნებას, რადგან თითეული დღე, რომელსაც მომავალი ბავშვი გაატარებს დედის მუცელში, ამაღლებს მისი გადარჩენის და სრულყოფილ ბავშვად ჩამოყალიბების შანსებს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ნაადრევი მშობიარობის შესაჩერებლად, ექიმების მიერ გამოიყენება სხვადასხვა საშუალებები: ტოკოლიტიკები (საშვილოსნოს ტონუსის დამწევი პრეპარატები - მაგალითად პარტუსისტენი, გინეპრალი), ეთილის სპირტის 10 %-იანი ხსნარი, სანთლები ინდომეტაცინით, ფსიქოთერაპია, საშვილოსნოს ელექტრო რელაქსატორი, ნემსით რეფლექსო თერაპია (აკუპუნქტურა) და სხვა...
პრეეკლამფსიის დროს (სერიოზული პათოლოგია, რომელიც დაკავშირებულია პლაცენტის მუშაობის დარღვევასთან და შეიძლება თავი იჩინოს ფეხმძიმობის მე-20 კვირიდან, ნებისმიერ დროს, უმეტესად 30-ე კვირის შემდეგ და ძალიან იშვიათად მშობიარობის შემდგომ) შეტევების შესაჩერებლად გამოიყენება მაგნიუმის სულფატი.
მაგნიუმის სულფატი გამოიყენება ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაშიც, რადგან იგი თრგუნავს საშვილოსნოს შეკუმშვებს, რითაც აფერხებს სამშობიარო მოქმედებას.
მაგნიუმის სულფატის შეყვანა ხდება ვენიდან, ამიტომ, ჩვეულებრივ ასეთი მოქმედება ტარდება კლინიკაში, თუმცა მისი მიღება პარორალურადაც შეიძლება, ისე, რომ ორსული იმყოფებოდეს სახლში, მკურნალი ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
რიტოდრინი (იოტოპარი) პრეპარატია, რომელიც გამოიყენება საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის შესამცირებლად. ეს არის ბეტა-ადრენოსტიმულატორების (ტოკოლიტიკები) ჯგუფის პრეპარატი. რიტოდრინი გამოიყენება 21-დან 36 კვირის ჩათვლით.
რიტოდრინის შეყვანა ხდება ვენიდან, კუნთიდან, ან პარორალურად.
ჩვეულებრივ, მკურნალობას იწყებენ ვენაში გასაკეთებელი ინექციების სახით, რის გამოც ორსულს ერთი-ორი დღით ათავსებენ სტაციონარში. როდესაც შეტევები გადაივლის, რიტოდრინს ნიშნავენ აბების სახით. მათი მიღება ხდება ყოველ 2-4 საათში.
ზოგიერთ შემთხვევაში (როცა ადგილი ჰქონდა წინა ორსულობის დროს ნაადრევ მშობიარობას, ან მრავალნაყოფიან ორსულობას), რიტოდრინის დანიშვნა ვენაში ინექციის სახით არ ხდება.
აღსანიშნავია, რომ რიტოდრინს აქვს მთელი რიგი არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები:
»» ტახიკარდია (გახშირებული გულისცემა);
»» ჰიპერტონია;
»» შიშის გრძნობა;
»» სიმძიმე და ტკივილი გულის არეში;
»» ფილტვების შეშუპება;
მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა რიტოდრინმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა: სისხლში შაქრის დონის მომატება, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა (აციდოზის განვითარებამდეც კი), ანუ შესაძლოა გაჩნდეს შაქრიანი დიაბეტის ნიშნები.
ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტებია: თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ციება და ჰალუცინაციებიც კი.
ამგვარადვე მოქმედებს რიტოდრინი ნაყოფზეც. უკვე დაბადებულ ბავშვებს, რომელთა დედებმაც ორსულობის პერიოდში მიიღეს რიტოდრინი, აღენიშებოდათ შაქრის დაბალი
სხვა მედიკამენტები - ნაადრევი მშობიარობის შესაჩერებლად აგრეთვე გამოიყენებოდა - ბეტა-მიმეტიკები (იპრატროპიუმის ბრომიდი, ტერბუტანილი, ფენოტეროლი და სხვა).
ტერბუტალინი გამოიყენება იგივე მიზნით, როგორც რიტოდრინი და გააჩნია იგივე გვერდითი ეფექტები, თუმცა საკმაოდ ეფექტურად მიიჩნევა.
სხვათა შორის ტერბუტალინის გამოყენება არ არის ნებადართული ამერიკის ფარმაკოლოგიისა და კვების პროდუქტების მართვის დეპარტამენტის მიერ.
არსებობს სხვა მედიკამენტებიც, მაგალითად - სალბუტამოლი, იზოქსუპრინი. თუმცა ამ პრეპარატების გამოყენება დღესდღეობით პრაქტიკულად აღარ ხდება.
საწყის სტადიებზე, ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება ნარკოტიკული და დამამშვიდებელი პრეპარატები, მაგალითად: მორფინისა და მეპერიდინის ინექციები. თუმცა ეს მხოლოდ ერთჯერადი ზომაა და არა ხანგრძლივი მკურნალობის საშუალება.
თქვენი ინფორმირებულობისთვის უნდა ვახსენოთ ნაადრევი მშობიარობის შესაჩერებელი კიდევ ორი საშუალება: ეთანოლი და პროგესტერონი, რომელთა გამოყენება პრაქტიკულად აღარ ხდება, რადგან არ არის დადასტურებული მათი ეფექტურობა.
ნაყოფის ფილტვების ქსოვილის მომწიფების მიზნით მკურნალობის კომპლექსში თითქმის ყოველთვის შედის ჰორმონალური გლუკოკორტიკოსტეროიდული პრეპარატები (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი, ბეტამეტაზონი) - (ინიშნება აღნიშნული პრეპარატების მიკროდოზები, რითაც გვერდითი მოვლენების შესაძლებლობას პრაქტიკულად გამორიცხავს).
კიდევ ვიმეორებთ, რომ ამ პრეპარატების დანიშნულება არა ნაადრევი მშობიარობის შეჩერება, არამედ ბავშვის ფილტვების „მომწიფების“ სტიმულაციაა (რათა ბავშვმა შეძლოს თავისუფლად სუნთქვა, თუ იგი დროზე ადრე დაიბადება).
37-ე კვირამდე, ბავშვის ფილტვებში ძალიან ცოტაა განსაკუთრებული ნივთიერება სურფაქტანტი, რომელმაც უნდა მოიცვას ალვეოლას მთელი შიდა ზედაპირი და ხელი შეუწყოს მის შეკუმშვას სუნთქვის დროს.
დექსამეტაზონში და სხვა პრეპარატებში შემავალი ჰორმონი კი ხელს უწყობს სურფაქტანტის დაგროვებას. აუცილებლობის შემთხვევაში ეს პრეპარატი შეჰყავთ უკვე დაბადებულ ბავშვებშიც.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ორსულებში უკუნაჩვენებია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ენდოკარდიტის (გულის სარქვლის ან კედლისმიერი ენდოკარდის ანთება), არასაკმარისი სისხლის მიმოქცევის (III სტადიის), ნეფრიტის (თირკმლების ანთებითი დაავადება), ტუბერკულოზის აქტიური ფორმის, ოსტეოპოროზის (ძვლის დაავადება), ჰესტოზის (ორსულთა ტოქსიკოზი), შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების შემთხვევებში.
ნაყოფის ჰიპოქსიისა და პლაცენტალური უკმარისობის პროფილაქტიკისთვის ინიშნება დიპირიდამოლი, პენტოქსიფილინი და ვიტამინი E.
სტრეპტოკოკური, გონოკოკური, ქლამიდიური ინფექციების, ბაქტერიული ვაგინოზის, ტრიქომონადული ვულვოვაგინიტის აღმოჩენის შემთხვევაში ინიშნება ანტიმიკრობული თერაპია.
სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრის შემთხვევაში სიტუაცია უფრო რთულია, კერძოდ:
თუ ორსულობის ვადა არის 34 კვირამდე, მოხერხდა ნაადრევი მშობიარობის შეჩერება, მომავალი დედისა და ნაყოფის მდგომარეობა ნორმალურია, სხეულის ტემპერატურა არ აღემატება ნორმას და არ არსებობს სისხლში ანთებითი ცვლილებები, ორსულობის შენარჩუნება და პროლონგირება (გაგრძელება) შესაძლებელია. მხოლოდ აუცილებელია ანტიბაქტერიალური პრეპარატების დანიშვნა - ინფექციური გართულების პროფილაქტიკისთვის.
საქმე იმაშია, რომ სანაყოფე წყლების დაღვრა მოწმობს სანაყოფე გარსის მთლიანობის დარღვევას, რაც ნიშნავს, რომ ინფექციებისთვის გზა პრაქტიკულად გახსნილია. ამიტომ, ანტიბაქტერიალური მედიკამენტების მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია.
სანაყოფე წყლების დაღვრა შეიძლება მოხდეს ერთიანად, ან ნაწილ-ნაწილ, მცირე პორციებით.
ერთ და მეორე შეთხვევაშიც საჭიროა დაუყონებლივი რეაგირება და სამშობირო სახლში სასწრაფო ვიზიტი, რადგან ეს შეილება მშობიარობის დაწყებას მოასწავებდეს.
სანაყოფე წყლების გარჩევა სხვა სახის გამონადენისგან შესაძლებელია სპეციალური ტესტის საშუალებით, რომლის შეძენა შეიძლება აფთიაქებში.
ნორმაში, სანაყოფე წყლები წარმოადგენს უფერო, გამჭვირვალე, უსუნო სითხეს (ზოგჯერ მოტკბო სუნით).
თუ შეამჩნიეთ, რომ სითხის კონსისტენცია, ფერი ან სუნი შეიცვალა, საჭიროა ანალიზების ჩაბარება ინფექციების არსებობაზე.
თუ გამონადენი არის კოშტებით, ჩირქოვანი, ბუშტულებიანი ან ხაჭოსებრი, ეს შეიძლება ვენერიულ დაავადების არსებობას მოასწავებდეს.
ხოლო თუ გამონადენი სისხლოვანი, ალისფერი, ვარდისფერი ან ყავისფერია, ეს შესაძლოა პლაცენტის აშრევებაზე, ან ნაადრევ მშობიარობზე მეტყველებდეს.
თუ თეთერულზე შემთხვევით სისხლი აღმოაჩინეთ, მაშინვე ნუ იფიქრებთ, რომ ეს ნაადრევ მშობიარობის ნიშანია. ზოგჯერ, ჰემოროის შემთხვევაში ადგილი აქვს ხოლმე ანალური ხვრელიდან სისხლდენას, ამიტომ შესაძლოა სისხლის აღმოჩენის მიზეზი სწორედ ეს იყოს.
და ბოლოს, გავიმეორებთ, რომ თუ არის საშუალება, საჭიროა შეეცადოთ, რომ თავიდან აიცილოთ ნაადრევი მშობიარობა. გამსაკუთრებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ შემთხვევაში, როცა წინა ორსულობა დასრულდა ნაადრევი მშობიარობით.
ამ შემთხვევაში საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და ექიმ-გინეკოლოგთან ხშირი ვიზიტი, რათა მან აკონტროლოს თქვენი მდგომარეობა ულტრაბგერითი გამოკვლევებითა და სხვა მეთოდების საშუალებით.
როგორ მიმდინარეობს ნაადრევი მშობიარობა
მეან-გინეკოლოგიური პრქტიკიდან გამომდინარე, დაწყებული ნაადრევი მშობიარობა შეიძლება იყოს - მომლოდინე-კონსერვატიული ან აქტიური.
პირველ შემთხვევაში ხორციელდება სამშობიარო მოქმედების მიმდინარეობაზე დაკვირვება, სპეციალური მეანური საშუალებებით ჩარევის გარეშე.
თუმცა უფრო ხშირია მეორე შემთხვევა, როცა ნაადრევი მშობიარობის დროს საჭირო ხდება აქტიური ჩარევა ბუნებრივი გზით მშობიარობის, ან საკეისრო კვეთის გზით.
ნაადრევი მშობიარობის ჩატარების ტაქტიკას განსაზღვრავს ორსულობის გესტაციური ასაკი, სანაყოფე გარსის მდგომარეობა, საშვილოსნოს ყელის გახსნის ხარისხი, ინფექციების არსებობა, სამშობიარო მოქმედების გამოხატულება, სისხლდენის არსებობა და ხასიათი.
ნაადრევი მშობიარობის ჩატარების პროცესს როგორც წესი თან ახლავს მუდმივი კარდიომონიტორული კონტროლი.
ნაადრევ მშობიარობას აქვს თავისი თავისებურებები. როგორც წესი იგი იწყება სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრით.
ასეთი მშობიარობის დაახლოებით 35% მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფად: ქალებისთვის, რომლებიც პირველად მშობიარობენ - 6 საათზე ნაკლები, ხოლო მომავალი დედებისთვის, რომლებისთვისა ეს არ არის პირველი მშობიარობა - 4 საათზე ნაკლები.
ამასთან, სამშობიარო მოქმედება შეძლება იყოს აქტიური, სუსტი, ან დისკოორდინირებული (საშვილოსნოს უსისტემო შემკუმშვებით, მტკივნეული და არაეფექტური ჭინთვებით).
ეს გასაგებიცაა, რადგან საშვილოსნო ყელი საბოლოოდ არ არის მომწიფებული მშობიარობისთვის, ხოლო სამშობიარო ძალების მექანიზმი მუშაობს არც ისე მწყობრად.
საშვილოსნოს ყელი შეიძლება გაიხსნას არათანაბრად, ხოლო შეტევებს შორის შუალედი სწრაფად გაიზარდოს და ხანგრძლივი იყოს თავად შეტევების ხანგრძლივობაც.
ექიმები ფრთხილად იქცევიან ამგვარ სიტუაციაში და განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობიან ბავშვს, რომელსაც სურს ნაადრევად მოევლინოს ქვეყანას, რადგან დღენაკლული ბავშვების დაზიანების რისკი განსაკუთრებით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ ვადაში დაბადებული ბავშვებისა.
ნაადრევი მშობიარობის ჩატარებისას ექიმები ფართოდ იყენებენ სპაზმოლიტიკურ პრეპარატებს. აქტიური სამშობიარო მოქმედებისას შეჰყავთ პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ საშვილოსნოს შეკუმშვით აქტივობას. მცირე სამშობიარო ძალების შემთხვევაში კი ახდენენ მშობიარობის სტიმულაციას.
ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებიან გაუტკივარების პროცესსაც. ამ დროს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რადგან ამან შესაძლოა დამღუპველად იმოქმედოს ბავშვის სასუნთქი ორგანოების განვითარებაზე.
ჩვეულებრივ, გამოიყენება ეპიდურალური ან სპინალური გაუტკივარება. იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამშობიარო ტრამვების რისკი, კეთდება შორისის პროფილაქტიკური კვეთა - ეპიზიო ან პერინეოტომია.
არც თუ ისე იშვიათად, ნაადრევი მშობიარობის დაწყებამდე ადგილი აქვს პლაცენტის აშრევებას, ან ინფექციურ გართულებებს (მაგალითად სანყოფე გარსის ანთებას - ქორიოამნიონიტი);
ნაადრევი მშობიარობის დროს, საკესრო კვეთის საჭიროება დგება დედის ან ნაყოფის მძიმე პათოლოგიების შემთხვევაში, ნაყოფის მენჯით წინამდებარეობის შემთხვევაში და ა.შ.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში მოსალოდნელია სისხლდენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეიქმნა სიძნელე პლაცენტის მოცილებასთან დაკავშირებით. თუმცა, საერთო ჯამში, ნადრევი მშობიარობის შემდგომი პერიოდი არ განსხვავდება ვადაში ჩატარებული მშობიარობის პერიოდისგან. ამიტომ, თუ ახლად ნაადრევად ნამშობიარებ ქალს უფრო დიდი ხნით ტოვებენ სამშობიარო სახლში, ეს ხდება არა დედის, არამედ ბავშვის გამო.
ზოგადად, ნებისმიერი ქალისთვის, ნაადრევი მშობიარობის შემდეგ რეკომენდებულია კომპლექსური ანალიზების ჩატარება, რომელიც მოიცავს ანალიზებს ინფექციური დაავადებისა და დაავადების გამომწვევი გამაღიზიანებლების არსებობაზე, ჰორმონალური სტატუსის გამოკვლევაზე.
ისთმიკო-ცერვიკალური უკმარისობის შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს ჰისტეროსალპინოგრაფია (საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა მათში რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანის გზით).
მძიმე სომატიკური დაავადებების შემთხვევაში, საჭიროა შესაბამის სპეციალისტებთან გამოკვლევა, ხოლო შემდგომ, ბუნებრივის აღმოჩენილი დარღვევების მკურნალობის კურსის გავლა.
შემდგომი ორსულობების დროს, სასურველია სამშობიარო სახლში ჰოსპიტალიზაცია ე.წ „კრიტიკულ ვადებში“.
განსაკუთრებით საშიშად ითვლება წინა ორსულობის შეწყვეტის ვადა (რა პერიოდშიც შეწყდა წინა ორსულობა).
გარდა ამისა, კრიტიკულად მიჩნევა:
• მე-2-3 კვირა (სანაყოფე კვერცხის მიმაგრება საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე);
• მე-4-12 კვირა (პლაცენტის ფორმირება);
• მე-18-22-ე კვირა (საშვილოსნოს მოცულობის ინტენსიური ზრდა).
• დღეები, რომელიც შეესაბამება კალენდარულ მენსტრუაციულ ციკლს;
პს - თუ არსებობს ნაადრევი მშობიარობის საფრთხე და ექიმის დანიშნულებით გამოწერილი გაქვთ წოლითი რეჟიმი ან ნაადრევი მშობიარობის შესაჩერებელი პრეპარატები, აუცილებელია ამ დანიშნულების მკაცრად დაცვა, რადგან მასზე დიდწილადაა დამოკიდებული თქვენი და მომავალი პატარას ჯანმრთელობა.
თუ გაგიჩნდათ შეკითხვები ამა თუ იმ მედიკამენტის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ, ესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის მიმართოთ სხვა სპეციალისტებსაც, მაგალითად პერინატალოგს.
სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილება შეუძლებელია და ბავშვი ადრე მოევლინება ამ ქვეყანას.
ასეთი ბავშვი დღენაკლულ ახალშობილად მიიჩნევა, რომლის სრულყოფილ ბავშვად ჩამოყალიბებას განსაკუთრებული მოვლა და პირობები სჭირდება.