ქვემდებარე ჰქვია წინადადებს წევრს, რომელიც მოქმედ საგანს გამოხატავს.
მთიდან ნ ი ა ვ ი წამოვიდა. (ევდ.).
მ თ ე ბ ი ინგრეოდა, ხ ე ე ბ ი ტყდებოდა. (ვაჟა).
პირველ წინადადებაში ქვემდებარე (ნ ი ა ვ ი) მოქმედი საგანია, მეორეში კი მას (მ თ ე ბ ი, ხ ე ე ბ ი) მოქმედება მიეწერება.
ქვემდებარე ჰქვია აგრეთვე წინადადების წევრს, რომელსაც რაიმე თვისება ან რაობა მიეწერება: შ ა ქ ა რ ი ტკბილია, ც ო დ ნ ა სიმდიდრეა, მ ა რ ო პიონერია, ე ქ ვ ს ი და ო თ ხ ი ათია.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, გამოარკვიეთ რომელი სიტყვაა ქვემდებარე და რომელი - შემასმენელი.
1. კოლექტივი მხიარულობდა. (მრევლ.).
2. ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ. (წერ.).
3. ეზოში ციცინათელები დაფრინავდნენ. (გვეტ.).
4. შინდის ტყეში ერთი მუხა იდგა. (რაზ.).
5. მხედარმა ცხენი საძოვარზე გაუშვა. (ვაჟა.).
6. ცეცხლი ნახევრად ჩამქრალიყო. (რ.ჯაფ.).
7. ია მშვენიერი პაწაწინა სუნიანი ყვავილია. (რაზ.).
8. მე მწერალი გახლავართ. (ჭავ.).
9. დაბლა უზარმაზარი ჭალა იყო დაცემული. (ვაჟა.).
10. ქალაქს ნისლი შემოჰხვეოდა. (მრევლ.).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. შემასმენელს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს - ორი.
1. ამოვიდა მზე. ნამი შეშრა ყანებზე. პეპლები აფრთხიალდნენ ყვავილებზე. ფუტკარიც აბზუილდა. (რაზმ.).
2. ტრაქტორი მინდორს ხნავს. (კ. ლორთქ.).
3. ტყემ მოისხა ფოთოლი. (ჭავ.).
4. უფსკრულში ქარი ღრიალებდა. (მრევლ.).
5. პირიმზე მზის მოტრფიალეა. (ვაჟა).
6. ნისლი ეფარებოდა შორს გადაშლილ ალაზნის ველს. (ს.კლდ.).
7. ზამთარი მიწურულია. (ჯავახ.).
8. წყალი საშინლად ცივი იყო. (ვაჟა).
9. მაშ, საქმე გაჩარხული ყოფილა. (ყაზ.).