დამატება ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც გამოხატავს სამოქმედო საგანს, ე.ი. ისეთ საგანს, რომელზედაც მოქმედებენ, რომლისთვისაც მოქმედებენ, რომლითაც მოქმედებენ და სხვ.
ტოროლამ ნისკარტით ამოგლიჯა რამდენიმე ბალახი. (გოგ.)
აქ ორი დამატებაა - ბ ა ლ ა ხ ი და ნ ი ს კ ა რ ტ ი თ.
პირველი სამოქმედო საგანს აღნიშნავს, მეორე კი ისეთ საგანს, რომლითაც მოქმედება შესრულდა.
დამატება ჩვეულებრივ შემასმენელს ახლავს და არსებითი სახელითა და ნაცვალსახელით გადმოიცემა.
მისი ბრუნვებია: სახელობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი.
დამატება უთანდებულოც შეიძლება იყოს და თანდებულიანიც.
დამატების კითხვებია: ვინ? რა? ვის? რას? ვისზე? რაზე? რაში? რისგან? რით? ვისთვის? რისთვის? ვისთან (ან რასთან) ერთად? რად? და სხვ.
მაგალითები კითხვების მიხედვით:
ვინ? - მე იმ გზაზე დავინახე ერთი ც ხ ე ნ ო ს ა ნ ი. (ჭავ.)
რა? - ქორმა წ ი წ ი ლ ა წაიღო. (ვაჟა)
ვის? - ერთხელ მასწავლებელმა ბ ა ვ შ ვ ე ბ ს ია უჩვენა. (გოგ.).
რას? - შემოდგომა ესტუმრა ქ ა ლ ა ქ ს. (მრევლ.)
ვისზე? - მთელი თრიალეთი მღეროდა არსენას მ ა მ ა ზ ე. (ჯავახ.).
რაზე? - დიდხანს ფიქრობდა კრუხი ჩხიკვის ნ ა ა მ ბ ო ბ ზ ე. (რაზ.).
რაში? - ზაზა ც უ რ ვ ა შ ი ეჯიბრებოდა თედოს. (გოთ.).
რისგან? - ქ ა რ ი ს ა გ ა ნ გატაცებული ფურცლები ჰაერში დაფარფატებდნენ. (გ. აბაშ.).
რით? - გლეხს უ რ მ ი თ შეშა მიჰქონდა (გოგ.).
ვისთან ერთად? - ნოდარი უ ც ნ ო ბ თ ა ნ ე რ თ ა დ პუნქტისკენ გაემართა. (გვეტ.).
რასთან ერთად? - ი რ მ ე ბ თ ა ნ ე რ თ ა დ ისიც დანავარდობდა. (ვაჟა).
რად? - ბეჟიას ფრინველად გადაქცევა უნდოდა. (ყაზ.).
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ დაყოფით დაბეჭდილი დამატება რას ახლავს და რა კითხვაზე მიუგებს.
1. ლევანი თავის თ ა ვ გ ა დ ა ს ა ვ ა ლ ს უამბობდა ოსტატს. (მრევლ.)
2. არსენამ რ ო ს ტ ო მ ს ტყეში დარჩენილთა ამბავი გამოჰკითხა. (ჯავახ.)
3. ყვავილნი მუდამჟამს ს ი ც ო ც ხ ლ ე ზ ე საუბრობდნენ. (ვაჟა.)
4. ფრინველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მ ხ ი ა რ უ ლ ე ბ ა შ ი. (ევდ.).
5. ნ ი ა ღ ვ რ ი ს ა გ ა ნ დაღარულია მთელი კლდე. (ბარნ.).
6. ს ხ ვ ე ბ თ ა ნ ე რ თ ა დ ისიც ფრონტისკენ გაემართა. (დ. შენგ.).
7. ნ ი ა ღ ვ რ ი ს ა გ ა ნ დაღარულია მთელი კლდე (ბარნ.).
8. ცა ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ე ბ ი თ იჭედება (მრევლ.).
9. მონადირე იმ წამსვე ა რ წ ი ვ ა დ იქცა. (ვაჟა).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. დამატებას ხაზი გაუსვით ქვეშ და მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ შესაბამისი კითხვა.
ნ ი მ უ შ ი: არსენამ რ ო ს ტ ო მ ს (ვის?) ტყეში დარჩენილთა ა მ ბ ა ვ ი (რა?) გამოჰკითხა (ჯავახ.).
1. მთვარე მთის წვერს ამოეფარა. (მრევლ.).
2. დიდი ხვეწნის შემდეგ მიხამ ლადას კაკანათი გაუკეთა. (ევდ.).
3. მე ამ ახალ ამხანაგებთან ერთად დილიდან საღამომდე სულ მინდორში დავრბოდი. (წერ.).
4. პატარა გოგომ ჩაფით წყალი მოარბენინა. (კლდ.).
5. გალობდა შაშვი და თავის გალობაში დნებოდა. (ვაჟა).
6. ეს ხეები ზამთარში მშვენიერი თავშესაფარია ფრინველებისათვის. (რაზ.).
7. აქ შეფარებული ჯიხვი მონადირისაგან ხელუხლებელი რჩებოდა. (ყაზ.).
8. ნეტავი რადმე მაქცია, ბულბულად გადამაქცია. (ხალხ.).
9. გაწარებული ხოსრო ბარტყებისათვის თუთის მოსატანად გაიქცა. (გვეტ.).
სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები. შემასმენელს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს - ორი, დამატებას - კლაკნილი.
ნ ი მ უ შ ი: პატარა გოგომ (ქვემდ.) ჩაფით წყალი (დამატ.) მოარბენინა (შემასმ.). (კლდ).
1. კოდალამ გამოათრია კარგა მოზრდილი ჭია... და ნისკარტით მიართვა ნეფე-დედოფალს. (ვაჟა).
2. არწივისაგან შეშინებული წეროები სულ დაბლა-დაბლა ეშვებოდნენ. (რაზ.).
3. მდინარეს მწყემსისათვის ბატკანი მოეტაცნა. (ვაჟა).
4. მზეს პირი მოეკრა მთების წვერებისათვის. (რაზ.).
5. დიდხანს ფიქრობდა კრუხი ჩხიკვის ნაამბობზე. (რაზ.).
6. ფრინველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მხიარულებაში. (ევდ.).
7. ნიკომ პატარა ციგით ბევრი იცურავა თოვლზე. (გოგ.).
8. ხოსრომ სტუმრებთან ერთად არაჩვეულებრივად მოილხინა. (გვეტ.).