გარემოება ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება.
გარემოების კითხვებია:
- ს ა დ?
- ს ა ი დ ა ნ?
- ს ა ი თ კ ე ნ?
- ს ა დ ა მ დ ე?
- რ ო დ ი ს?
- რ ო გ ო რ?
- რ ა ტ ო მ?
- რ ი ს თ ვ ი ს?
მაგალითები კითხვების მიხედვით:
სად? - ტყეში ერთი დიდი მუხა იდგა.
საიდან? - მთიდან ნიავი წამოვიდა.
საითკენ? - ხალხმა სამლოცველოსაკენ გასწია.
სადამდე? - მზეს ჯერ ჭალამდე ვერ ჩაეღწია.
როდის? - ალიონზე ცა მოიწმინდა.
როგორ? - მდინარე წყნარად მოკამკამებდა.
რატომ? - სიშორის გამო არ მესმოდა, რასაც ამბობდნენ.
რისთვის? - მასპინძლები დასაძინებლად ემზადებოდნენ.
გარემოება გადმოიცემა ზმნიზედით ან სახელით. იგი, ჩვეულებრივ, შემასმენელს ახლავს და მისი ამხსნელია.
გარემოება შეიძლება იყოს ხუთგვარი:
- დ რ ო ი ს;
- ა დ გ ი ლ ი ს,
- ვ ი თ ა რ ე ბ ი ს,
- მ ი ზ ე ზ ი ს
- მ ი ზ ნ ი ს.
დ რ ო ი ს გარემოება გვიჩვენებს, როდის ხდება მოქმედება.
ა დ გ ი ლ ი ს გარემოება გვიჩვენებს, სად ხდება მოქმედება.
ვ ი თ ა რ ე ბ ი ს გარემოება გვიჩვენებს, როგორ ხდება მოქმედება.
მ ი ზ ე ზ ი ს გარემოება მიგვითითებს მოქმედების მიზეზზე.
მ ი ზ ნ ი ს გარემოება მიგვითითებს მოქმედების მიზანზე.
ზემოთ მოყვანილ მაგალითზე:
ტყეში, მთიდან, სამლოცველოსკენ, ჭალამდე - მოქმედების ადგილს აღნიშნავს, ე.ი. ყველა ეს ადგილის გარემოებაა.
ალიონზე - მოქმედების დროს გვიჩვენებს და დროის გარემოებაა.
წყნარად - აღნიშნავს, თუ როგორ ხდება მოქმედება. ასეთ სიტყვას ვითარების გარემოება ჰქვია.
სიშორის გამო - მიგვითითებს მოქმდების მიზეზზე, ის მიზეზის გარემოებაა.
დასაძინებლად - მოქმედების მიზანს აღნიშნავს. ის მიზნის გარემოებაა.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, დაყოფით დაბეჭდილი სიტყვა რა სახის გარემოებაა, რას ახლავს ის და რა კითხვაზე მიუგებს.
ა)
1. მ ი ნ დ ო რ შ ი თოვლი აღარ იდო. (რაზ.).
2. გ ა რ შ ე მ ო აყუდებულან დიდრონი მთები. (ვაჟა).
3. ბიჭი გავიდა ო თ ა ხ ი დ ა ნ. (ლომ.),
4. გლეხები გაემგზავრნენ შ ი ნ ი ს ა კ ე ნ. (არაგვ.).
5. ძელქვას მ თ ი დ ა ნ ჭ ა ლ ა მ დ ე გაედგა ფესვები. (ი. ლის.).
ბ)
1. ც ო ტ ა ხ ნ ი ს შ ე მ დ ე გ მთვარემ წვერი ამოყო. (ვაჟა).
2. გ ა ნ თ ი ა დ ი ს ა ს გააბა მამალმა ყივილი. (ვაჟა).
3. ოქროპირი გ ვ ი ა ნ დაბრუნდა. (გვეტ.).
4. ზ ა მ თ რ ო ბ ი თ მგელი ესტუმრება ხოლმე ხმელ წიფელს. (ვაჟა).
გ)
1. თ ე თ რ ა დ ქათქათებს მინდორი. (მღვ.)
2. მატარებელი ზ ა ნ ტ ა დ დაიძრა. (გვეტ.).
3. ცეცხლი თ ა ნ დ ა თ ა ნ ძლიერდებოდა. (გაბაშ.).
4. ხალხი ნ ე ლ-ნ ე ლ ა გაიკრიფა. (იოს.)
დ)
1. ძლიერი ქ ა რ ი ს გ ა მ ო სახლის ჭერი მეტად შეინძრა. (გოგ.)
2. უ ა დ გ ი ლ ო ბ ი ს გ ა მ ო კონდუქტორები ვაგონში არავის უშვებდნენ. (შანშ.).
3. სვავი ს ი მ ა ძ ღ რ ი თ ძლივსღა სუნთქავდა. (ვაჟა).
ე)
1. ერთხელ მეფე ს ა ნ ა დ ი რ ო დ ბრძანდებოდა. (წერ.).
2. მეგობრები წ ა ს ა ს ვ ლ ე ლ ა დ ემზადებოდნენ. (ჯავახ.).
10. მელა წამოსულიყო დათვთან რაღაც ამბის მ ო ს ა ტ ა ნ ა დ. (ვაჟა).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. გარემოებას გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, იმ სიტყვას კი, რომელსაც ის ახლავს და ხსნის, - ორი.
გარემოებას მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ, რა სახის გარემოებაა ის და რა კითხვაზე მიუგებს.
ნ ი მ უ შ ი: გარშემო (გარემ.) (ადგილისა, სად?) მარტყია მაგრად (გარემ.) (ვითარებისა, როგორ?) დაჭედილი (გარემ.) ლოდები. (ვაჟა)
1. მზე დასავლეთით მთებს ეფარებოდა. (ლომ).
2. ყველანი ერთად სოფლისაკენ გაემართნენ. (ქიაჩ).
3. შუადღისას ისევ ჩამოცხა. (გვენეტ).
4. ბუხართან კატა კრუტუნებდა. (რაზ).
5. ჰაერში სითბო დატრიალდა. (რაზ).
6. ბალახის ნამსა ვსრუტავ დილით და საღამოთი. (ვაჟა).
7. ალექსი ძლიერ გამბედავი ბავშვი იყო.(გოგ).
8. ღამის სიბნელე თანდათან იწურებოდა. (ვაჟა).
9. აღმართ - აღმართ მივდიოდი მე ნელა. (წერ).
10. თოვლის გამო საკმაოდ განათებულიყო. (ყაზ).
11. ერთხელ არაგვზე წავედით სათევზაოთ. (ვაჟა).
სავარჯიშო 3. კითხვის ადგილას ჩასვით შესაფერისი გარემოება და მაგალითები ისე გადაიწერეთ. გარემოებას გაუსვით ხაზი და მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ, რა სახის გარემოებაა ის.
1. (სად?) ცხელოდა.
2. ბავშვები (საიდან? სად?).
3. ორი ბიჭი (საიდან?) მოდიოდა (საითკენ?).
4. ბავშვმა (როდის?) დაიძინა და (რამდენ ხანს?) ეძინა.
5. ბავშვს (როგორ?) ეძინა.
6. არწივი (როგორ?) მიფრინავდა (საითკენ?).
7. (რატომ?) ბავშვები (რისთვის?) ვერ წავიდნენ.
8. ვანო (სად?) წავიდა (რისთვის?).
სავარჯიშო 4. მაგალითები გადაიწერეთ სტრიქონის გამოტოვებით. თავზე შემოკლებით დააწერეთ (ან გვერდით მიუწერეთ), რომელი სიტყვა რა წევრია, მარჯვნივ (ფრჩხილებში) - რა კითხვაზე მიუგებს.
ნ ი მ უ შ ი: ფოთლებიდან (ადგ. გარემ.) (საიდან?) წვიმის (განსაზ.) (რის?) ნამი (ქვემდ.) (რა?) კამკამით (ვით. გარემ.) (როგორ?) ჩამოდიოდა (შემას.) (რას შვრებოდა?) (ვაჟა).
1. გრილი ნიავი მოღუღუნებდა ტრიალ მინდორზე (ვაჟა).
2. ფრინველები გაიკრიფნენ ჩვენი ქვეყნიდან თბილ ქვეყნებში. (ვაჟა).
3. ზურაბმაც მსვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. (გოგ).
4. ილია საჩქაროდ მოემზადა წასასვლელად. (გვეტ).
5. ხეებზე კოკორი გასაშლელად მომზადებულა. (ვაჟა).
6. ერთხელ შემოდგომით მთებში თოვლი ადრე მოვიდა. (ვაჟა).
7. ძლიერი ქარის გამო სახლის ჭერი მეტად შეინძრა. (გოგ).
8. ტალღები ნელ-ნელა არწევენ ნაპირებზე ყვავილებს. (ევდ).