კითხვითია წინადადება, რომელიც კითხვას გამოხატავს.
კითხვით წინადადებაში, შეიძლება იყოს კითხვითი სიტყვა და შეიძლება არ იყოს.
ამის მიხედვით კითხვითი წინადადება ორგვარია: კ ი თ ხ ვ ი თ ს ი ტ ყ ვ ი ა ნ ი და ა რ ა კ ი თ ხ ვ ი თ ს ი ტ ყ ვ ი ა ნ ი.
კითხვითსიტყვიან კითხვითს წინადადებაში, შეკითხვის მახვილი კითხვითს სიტყვაზეა (წინადადების ბოლოს ხმის აწევა და ბოლო ხმოვნის გაგრძელებულად წარმოთქმა არ უნდა);
ვინ გითხრა ეს ამბავი? (ჯავახ.).
რა ფერისაა ია? (გოგო.).
რომელი ფრინველია განთქმული გალობით? (გოგ.).
როგორ ადამიანს ჰქვია ზარმაცი? (გოგ.).
ეს ბავშვი რამდენი წლისაა? (მ. ჯავახ.).
სადაური ხარ ძმობილო? (ვაჟა).
როდის მწიფდება ყურძენი? (გოგ.).
საიდან იცი ეს ყველაფერი? (ჭავ.).
რატომ აქამდის არ მითხარი? (ჯაბახ.).
თუ კითხვითი წინადადება კითხვითს სიტყვას არ შეიცავს, კითხვის მახვილი შემასმენელზეა, რომლის უკანასკნელი ხმოვანიც ტონის ამაღლებით (ხმის აწევით) და რამდენადმე გაგრძელებულად წარმოითქმის:
წისქვილი დ ა დ გ ა? მართლა დ ა დ გ ა წისქვილი? - ჰკითხავდა ერთი ამბის მომტანს.
- მ ა რ თ ა ლ ი ა წისქვილის დადგომა? - მორბოდა სხვა.
- მაშ დ ა დ გ ა დ ა დ გ ა წისქვილი? - იძახოდა მესამე.
- მაშ ვეღარ გ ა ვ ი გ ო ნ ე ბ თ წისქვილის გრიალ-ხრიალს? - ამბობდა მეოთხე. (ვაჟა).
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. გამოარკვიეთ რომელ სიტყვაზეა კითხვის მახვილი, და ქვეშ ხაზი გაუსვით.
იმ ხმოვანს, რომელზედაც მახვილია, დაუსვით მახვილის ნიშანი.
ნ ი მ უ შ ი:
რომელი ფრინველები მიდიან საზამთროდ თბილ ქვეყნებში? (გოგ.).
შენ მოსწრებიხარ მაგისთანა ბჭობას? (ჭავ.).
ა)
1. რომელ ფრინველებს უყვართ სოფლის ახლო ცხოვრება. (გოგ.).
2. რას გალობდა შაშვი? ნუთუ არ არის სიტყვები იმის გალობაში? (ვაჟა).
3. საიდან მოდის ნამი? რისთვის არის სასარგებლო წვიმა? (გოგ.).
4. როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე? (ვაჟა).
5. რატომ აქამდის არ მაჩვენე? (ჭავ.).
6. ბულბული რა სიტყვით გადაიხდიდა მადლობას? (ვაჟა).
7. რამდენი ყბა აქვს ადამიანს? (გოგ.).
8. ეგ რამ გათქმევინათ? (ვაჟა).
9. რომელი ნადირის შვილს ჰქვია ლეკვი? (გოგ.).
ბ)
1. გინახავს სადმე პატარა პატიკო? (ჭავ.).
2. ავადმყოფი გასინჯა ექიმმა? (რ. ჯაფ.).
3. მადლობა გადაუხადე? (ევდ.).
4. შენა ხარ, სანდრო? (გოგ.).
5. დათიკო სწავლას თავს ანებებს? (ჭავ.).
6. შეასრულეთ დავალება? (ს. კლდ.)
7. პეპიას სახლი იცი? (ჭავ.).
8. ვერ მიმასწავლი კუდი-გორის გზას? (ჭავ.).
სავარჯიშო 2. წინადადებები წაიკითხეთ ხმამაღლა და გამოარკვიეთ, რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ერთი და იგივე შემადგენლობის წინადადება.
1.
ა) ვერხვის მთრთოლარე ფოთლები ცრემლებს აფრქვევდნენ. (ვაჟა).
ბ) ვერხვის მთრთოლარე ფოთლები ცრემლებს აფრქვევდნენ?
2.
ა) ნისლი ეფარებოდა შორს გადაშლილ ალაზნის ველს? (ს. კლდ.)
ბ)ნისლი ეფარებოდა შორს გადაშლილ ალაზნის ველს?
3.
ა) გაწითლდა მყინვარწვერის თავი. (ყაზ.).
ბ) გაწითლდა მყინვარწვერის თავი?
სავარჯიშო 3. შეადგინეთ და რვეულში ჩაიწერეთ ორი კითხვითსიტყვიანი კითხვითი წინადადება და ორიც ისეთი, რომელშიც არ ურევია კითხვითი სიტყვა.
იმ სიტყვას, რომელზედაც მოდის კითხვის მახვილი, გაუსვით ქვეშ ხაზი.
სავარჯიშო 4. გადაიწერეთ ნაწყვეტები. გამოარკვიეთ, რომელია თხრობითი წინადადება და რომელი - კითხვითი.
დასვით გამოტოვებული სასვენი ნიშნები.
იმ სიტყვას, რომელზედაც შეკითხვის მახვილია, გაუსვით ქვეშ ხაზი.
ა) მთებო, მთებო! რას ელით ვის ელით ნუთუ გყავთ სატრფო დიდიხნის უნახავი იქნება შვილი დაკარგეთ იქნება ძმა, ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ პასუხი არ ისმის დგანან წარბშეუხრელად ელოდნენ, ელიან და კვლავაც ექნებათ მოლოდინი რა დააშრობს იმათ გულში იმ მოლოდინის ზღვას.
ბ) რატომ არ მღერით, მთებო განა ისე უნდა მოვკვდე, რომ თქვენი ხმა, თქვენი სიმღერა ვერ გავიგონო რატომ არ იცინით, ღიმილი მაინც მიჩვენეთ თქვენი, კარგებო! მაგრე როგორ დაგიმონათ, შეგიპყრათ, დაგიმორჩილათ ერთმა ფიქრმა, რომ სხვა ყოველივე ძალა და ნიშანი სიცოცხლისა დათრგუნვილია თქვენს გულ-გონებაში (ვაჟა).
სავარჯიშო 5. შეადგინეთ თხრობითი და კითხვითი წინადადებებისგან პატარა ამბავი. სათაური გაუკეთეთ და ჩაიწერეთ რვეულში. კითხვითს წინადადებაში ხაზი გაუსვით ქვეშ იმ სიტყვას, რომელზედაც შეკითხვის მახვილია.