ბრძანებითია წინადადება, რომელიც ბრძანებას ან მოწოდებას გამოხატავს.
გაჩუმდი! გაჩუმდი! ხმა ჩაიწყვიტე! (წერ.).
მეგობრებო, წინ, წინ გასწით!
ნუ შედრკება თქვენი გული! (ევდ.).
ბრძანებითი წინადადება გამოხატავს აგრეთვე თხოვნას, რჩევა-დარიგებას, დალოცვას და სხვ.
მუხავ, მომე რკო! (ხალხ.).
თავს გაუფრთხილდი, არ გაბრიყვდე! (ჭავ.).
აი გაიზარდე, გაიზარდე! (ვაჟა).
ბრძანებითი წინადადების ბოლოს, ჩვეულებრივ, ძახილის ნიშანი დაისმის.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. გამოარკვიეთ, რა სახის წინადადებებია, რას გამოხატავს თვითეული მათგანი (საკუთრივ ბრძანებას, თხოვნას, რჩევას, დარიგებას თუ სხვ.)
ა)
1. გზიდან ჩამომეცალე! (ჭავ.).
2. ამ წამსვე აქ გამობრძანდეს! (გაბ.).
3. იარაღი დამალეთ! ყველაფერი დამალეთ! (ჯავახ.).
4. კირილეს დამიძახეთ, მომგვარეთ ახლავ! (წერ.).
5. წამოდით, ყველანი წამოდით! (რაზ.).
ბ)
1. ერიდე, შვილო, მაგას! (გოგ.).
2. კარგად აახილეთ თვალები და კარგად დააცქერდით! (ვაჟა).
3. ნუ მომკლავ, სისხლს ნუ დაღვრი! (ვაჟა).
4. კარგად დაათვალიერე, ყველა წვრილმანი დაიხსომე! (ბარნ.).
5. ამით თავს ნუ მოიწონებ, ნუ გაბრიყვდები, კვლავ ასიამოვნე შენი გალობით! (ვაჟა).
6. მობრძანდით, მეზობლებო, მობრძანდით! (ქიაჩ.).
7. იყავი გამარჯვებული და იცოცხლე მრავალჟამიერ! (ვაჟა.).
8. კაკო, ნუ სწყრები! (ჭავ.).
სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. გამოარკვიეთ, რა სახის წინადადებებია, და ბოლოს დასვით სათანადო სასვენი ნიშანი.
1. მზეო, დამხედე, წვიმავ, დამნამე (ვაჟა).
2. მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა (ხალხ.).
3. თავიდან მოიშორე იმაზე ფიქრი (ჭავ.).
4. გააღე კარები (ნინ.).
5. მობრძანდით, ჩაი მიირთვით (გვეტ.).
6. ნუ ჩქარობ ვაჟო (ყაზ.).
7. გულს ნუ გაიტეხ, მგოსანო (ვაჟა).
8. მოდი, შვილო, ჩადექ წყალში (ვაჟა).
9. დეე რისხვით ცამ იჭექოს (ევდ.).
10. მომიცადეთ ცოტა ხანს (ვაჟა).
სავარჯიშო 3.
ა) რომელიმე მოთხრობიდან ამოიწერეთ სამი ბრძანებითი წინადადება;
ბ) დამოუკიდებლად შეადგინეთ სამი ბრძანებითი წინადადება და ჩაიწერეთ რვეულში.
სავარჯიშო 4. წაიკითხეთ წინადადებები ორჯერ, პირველად წაკითხვისას გამოხატეთ მეგობრული რჩევა-დარიგება, მეორედ წაკითხვისას კი - დაჟინებითი მოთხოვნა, ბრძანება.
1. კარგად დაათვალიერე, გაზომე, ყველა წვრილმანი დაიხსომე. (ბარნ.).
2. იარაღი დამალეთ, ყველაფერი დამალეთ! (ჯავახ.).
3. დაანებე თავი, სახლში ამოდი! (გვეტ.).
სავარჯიშო 5. გადაიწერეთ მაგალითები და დაუსვით გამოტოვებული სასვენი ნიშნები. გამოარკვიეთ როგორია შინაარსის მიხედვით თითეული წინადადება.
1. მზე სიხარულით უცქეროდა ჭრელ ქვეყანას ნამი ფოთოლ-ყვავილებზე ელავდა და ბრჭყვინავდა ჩიტი მთლად მოეხიბლა მზეს (რაზ.).
2. ყურძენს რა ისხამს სადაც ბევრი ვაზი დგას. იმ ადგილს რა ჰქვია რა განსხვავებაა ვენახსა და ზვარს შორის (გოგ.).
3. მზეო, დამხედე, წვიმავ, დამნამე, კლდეო მაღალო, შეინახე ჩემი ფესვები, სიცოცხლეს ნუ დაუკარგავ, ნუ ამომთხრი, ნუ ამომაგდებ (ვაჟა).
სავარჯიშო 6. შეადგინეთ თხრობითი, კითხვითი და ბრძანებითი წინადადებებისაგან პატარა ამბავი, სათაური გაუკეთეთ და ჩაიწერეთ რვეულში.