ბგერათა თანმიმდევრობა ამა თუ იმ სიტყვაში ჩვეულებრივ მტკიცეა. მაგრამ ზოგჯერ ბგერათა მოსალოდნელი თანმიმდევრობა დარღვეულია: ბგერას გამოცვლილი აქვს ადგილი.
მაგალითად, რ ვ ა სიტყვაში ვ მოსდევს რ-ს. იგივე სიტყვა შედის თ ვ რ ა - მეტ - ში, რომელიც ასეა მიღებული: ათ-რვა-მეტ-ი → თ-რვა-მეტი ← თ-ვრა-მეტ-ი.
როგორც ვხედავთ, ვ-ს გამოუცვლია ადგილი, ის რ-ს წინ არის გადმოსული.
ბგერის ადგილის გამოცვლას სიტყვაში ბგერის გადასმა ანუ მეტათეზისი ეწოდება.
ქართულში ხშირია ვ-ს გადასმა, ნ, რ, ლ თანხმოვნების წინ.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი ბგერაა გადასმული.
ხვნა (←ხნვა ← ხნავ-ს); ხვრა ( ← ხრვა ← ხრავს-ს); მოკვლა (← მოკლვა ← მოკლავ-ს).
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები და გამოარკვიეთ, რომელ მათგანში გვაქვს ვ-ს გადასმა და რომელში არა.
დაბარვა (← დაბარავს);
შეკვრა, შეკრვა (←შეკვრა-ს);
დამალვა (← დამალავს);
შეხედვა (← შეხედავს);
დაკაწვრა (←დაკაწრავს);
დაფარვა (←დაფარავს);
დანამვა (←დანამავს);
დახაზვა(←დახაზავს);
სავარჯიშო 3. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, დაყოფით დაბეჭდილ სიტყვათაგან რომელში გვაქვს ბგერის გადასმა და რომელი ბგერაა გადასმული.
1. კარგად იცოდა გიორგიმ, თუ რას ნიშნავდა გ ა წ კ ე პ ვ ლ ა. (არაგვ.).
2. როცა გ ა შ ი ფ ვ რ ა ს მორჩა, კალამი ხელიდან გააგდო და ჩუმად დაიწყო კ ი თ ხ ვ ა. (გვეტ).
3. კალამო, მხოლოდ შ ე მ უ ს ვ რ ა მტერთა, /გადაივიწყე სხვა ყველაფერი. (ა. აბაშ.).
4. ლეჩაქის მქსოველს გოდრის დ ა წ ვ ნ ა უკვირდაო. (ანდ.).
5. ცას უპირებდნენ დ ა ლ ა შ ქ ვ რ ა ს /გრძელი შუბები წვერითა. (ვაჟა.).
კითხვები გასამეორებლად
1. რას გულისხმობს ბგერითი ცვლილება სიტყვაში ანუ ფონეტიკური მოვლენა?
2. რომელ ფონეტიკურ მოვლენას გაეცანით? დაასახელეთ
3. როგორი ფონეტიკური მოვლენაა ასიმილაცია ანუ დამსგავსება? დაასახელეთ სრული და ნაწილობრივი ასიმილაციის მაგალითები.
4. როგორ ფონეტიკურ მოვლენას ეწოდება დისიმილაცია ანუ განმსგავსება? დაასახელეთ მაგალითები.
5. დისიმილაცია ქართულში უფრო ხშირად რომელ ბგერას ეხება? დაასახელეთ მაგალითები.
6. როცა სიტყვაში ორი რ არის, ჩვეულებრივ, რომელი რ იქცევა ლ-დ? დაასახელეთ მაგალითები
7. რას ჰქვია ბგერის დაკარგვა?
8. რომელი ბგერები იკარგება ხშირად? დაასახელეთ მაგალითები
9. რას ჰქვია ფუძის კუმშვა?
10. როგორი ბოლოსართის დართვისას შეიძლება შეიკუმშოს ფუძე?
11. რომელი ხმოვნები ამოვარდება ფუძიდან კუმშვის დროს?
12. რას ჰქვია ხმოვნის შეკვეცა? დაასახელეთ მაგალითები.
13. რომელი ხმოვნები შეიძლება შეიკვეცოს?
14. როგორი ბოლოსართის დართვისას შეიძლება შეიკვეცოს ფუძე?
15. რას ჰქვია ბგერის გადასმა ანუ მეტათეზისი?
16. რომელი ბგერის გადასმაა ხშირი ქართულში და რა შემთხვევაში?
სავარჯიშო. (ფონეტიკური მოვლენების გასამეორებლად) წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები და აღნიშნეთ, რა ფონეტიკური ცვლილებაა მომხდარი ამ თუ იმ სიტყვაში.
ა) შიმშილი, ჭიშკარი, ქვიტკირი.
ბ) ქართული, გურული, იმერული, რუსული, ფრანგული.
გ) თერთმეტი, თორმეტი, მეთაური, სათაგური, ტანისამოსი, სახლში, სახლთან, სახლზე, ბღაოდა, ჩხაოდა, ციოდა
დ) ირმის, ურმის, ატმის, ქათმის ხმლის, მგლის, კედლის, ისრის, უღლის.
ე) ხის, კლდის, ძმის, ცის, მეპურის, მეურმის, საქათმის.
ვ) თვრამეტი, ხვნა, დანიშვნა, დახვრა, შეკვრა, ჩაგვრა, მოკვლა.