ზოგი სიტყვა ყოველთვის ერთი მნიშვნელობით იხმარება, მხოლოდ ერთ რამეს აღნიშნავს. ასეთია, მაგალითად, ბ ა რ კ ა ლ ი და წ ვ ი ვ ი.
ამათგან პირველი ეწოდება ცხოველის (ან ფრინველის) ფეხს თეძოს სახსრიდან მუხლის თავამდე, მეორე კი - ფეხის ნაწილს მუხლს ქვემოთ კოჭამდე.
ზოგი სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება, ე.ი მრავალი მნიშვნელობა აქვს. ასეთია, მაგალითად, თავი, რომელიც აღნიშნავს ადამიანის (და ცხოველის) სხეულის ნაწილს.
ესაა ამ სიტყვის მთავარი, ანუ ძირითადი მნიშვნელობა, მაგრამ იგი შეიძლება აღნიშნავდეს სხვა რამესაც, სახელდობრ:
1. რისიმე დასაწყისს: "ეს არის ამ საქმის თ ა ვ ი და ბოლო".
2. წიგნის ცალკე, დასრულებულ ნაწილს: "I თ ა ვ ი წაიკითხა, ახლა II თ ა ვ ს კითხულობს".
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, დაყოფით დაბეჭდილ სიტყვათაგან რომელს აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა და რომელს - რამდენიმე (მრავალი).
1. კოღო ლომს ნ ე ს ტ ო შ ი შეუძვრა და მწარედ უკბინა. (გოგ.).
2. გ უ ლ ი თავისი განუწყვეტელი შეკუმშვითა და გაშლით გზავნის სისხლს მთელ სხეულში. (გოგ.).
3. ციცია წყნარად იჯდა და ცხვირის ნ ე ს ტ ო ე ბ ი ებერებოდა. (ყაზ.).
4. ერთი თხილის გ უ ლ ი ცხრა ძმამ გაიყოო. (ანდ.).
5. ხელის გ უ ლ ზ ე რომ ერბო-კვერცხი მოიწვა, დედის ამაგს მაინც ვერ გადაიხდიო. (ანდ.).
6. რეზიკოს დამწვარი თაფლისა და ნიგვზის სუნი ცხვირის ნ ე ს ტ ო ე ბ შ ი უღიტინებდა. (რაზ.)
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რა და რა მნიშვნელობით არის ნახმარი დაყოფით დაბეჭდილი სიტყვები და რა არის ამ სიტყვათა ძირითადი მნიშვნელობა.
ა)
1. თ ვ ა ლ ი თ ვეღარას ხედავს ყურში არ ეყურება. (წერ.).
2. მინდვრის ხილსაც თ ვ ა ლ ი შეუვიდა. (გოგ.).
3. აჭრიალდა ურმის თ ვ ა ლ ი. (მღვ.).
4. დაგიყრიან ძირს თ ვ ა ლ ს ა ც და მარგალიტს. (ხალხ.).
5. ხურჯინის ერთ თ ვ ა ლ შ ი მართამ ქადები... და პური ჩააწყო. (მრევლ.).
ბ)
1. ყ უ რ ი იმიტომ არ იზრდება, რომ ბევრის გამგონიაო. (ანდ.).
2. მარეხმა ზარი ყ უ რ ი თ ხელში აიღო. (არაგვ.).
3. მართამ თვალზე მომდგარი ცრემლი თავშლის ყ უ რ ი თ მოიწმინდა. (მრევლ.).
4. მთვარემ სახლის თავიდან ყ უ რ ი ამოყო. (ლორთქ.).
გ)
1. თედომ ბოსლის კ ა რ ი შეაჭრიალა. (რაზ.).
2. კ ა რ შ ი გამოდი, ჯოყოლა, / წყნარად ნუ სწევხარ კერასა! (ვაჟა).
3. ნიკო კ ა რ ი ს მეზობელი იყო ზედგინიძიანთი. (გაბ.).
4. ბურთი ძელს მოხვდა და მოწინაააღმდეგის კ ა რ ი გადარჩა.
დ)
1. ბურთაობის დროს თვალი, ფ ე ხ ი, ხელი... თანასწორად ეჩვევა სიმარდეს. (წერ.).
2. სუფრას ერთი ფ ე ხ ი გამოვარდნილი ჰქონდა. (წერ.).
3. გოგიამ გაჰკრა თოფის ფ ე ხ ს თავისი ფეხის თითი (ნონ,).
4. კეთილი იყოს თქვენი ფ ე ხ ი ჩვენს სახლში! (გაბ).