ხუთი მეტყველების ნაწილი ფორმაცვალებადია, ხუთი - ფორმაუცვლელი.
ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილებია: სახელები (არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი) და ზმნა.
ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილებია: ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი და შორისდებული.
სახელები იცვლება ბრუნვათა მიხედვით. მაგალითად: კაცი, კაცმა, კაცს, კაცის, კაცით, კაცად... დიდი, დიდმა, დიდს, დიდის, დიდით... ათი, ათმა, ათს... ჩემი, ჩემმა, ჩემს...
ზმნა იცვლება პირების მიხედვით. მაგალითად: ვიზრდები, იზრდებიან, იზრდება, ვიზრდებით, იზრდებით, იზრდებიან.
ბრუნვათა მიხედვით სახელის ფორმაცვალებას ბრუნება ჰქვია, პირების მიხედვით ცვალებას - უღლება.
მაშასადამე, სახელები ბ რ უ ნ ე ბ ა დ ი მეტყველების ნაწილებია, ზმნა - უ ღ ლ ე ბ ა დ ი.
სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. ბრუნებად სიტყვას ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, უღლებადს - ორი, ფორმაუცვლელს - კლაკნილი.
1. მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა. (ევდ.).
2. ვიწრო ბილიკებს ბილიკი ჩასდევს. (ა.კალ.).
3. - რა იყო, რამე უბედურება ხომ არ მომხდარა? - არა, არაფერი. მაგრამ - ეეეჰ! მე კი ჩემი დამემართა და... (ქუჩ.).
4. ერთხელ ძლიერ დაცხა. (ვაჟა).
5. გუშინ ცამ იჭექა. ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს. (ვაჟა).
6. ჰო, შემიბრალე, ნუ შემჭამ! - კვნესოდა ფეიქარა. (რაზ).
7. მგლები თავს იმიტომ იყრიდნენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. (ვაჟა).
სავარჯიშო 2. პირველი სავარჯიშოს სიტყვები დააჯგუფეთ მეტყველების ნაწილების მიხედვით და ისე ჩაიწერეთ რვეულში.